საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მარშალის ფონდის დელეგაციას შეხვდა

პარასკევს, 24 მარტს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და წამყვანი ევროპელი ჟურნალისტები.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს საგარეო და საშინაო პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და პასუხი გასცა სტუმართა შეკითხვებს.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით საუბარი შეეხო ნატოს შემფასებელთა მისიის ბოლო ვიზიტის შედეგებს, რომლის მიხედვით, საქართველოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულების მდგომარეობა ძირითადად დადებითად ხასიათდება. ზურაბ ნოღაიდელმა იმედი გამოთქვა, რომ 2006 წლის განმავლობაში მოხდება საქართველოს მიმართ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოქმედება. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოში უკრაინის გაწევრიანება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა მთელი სიმწვავით დადგა ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების შედეგად. იგი მიესალმა ევროპის კავშირის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას - დაიწყოს მუშაობა ერთიანი ევროპული ენერგეტიკული სტრატეგიის შექმნის მიზნით. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესახებ ამ მიმართულებით.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას, ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ ეს იქნება მისი მთავარი გზავნილი ეუთოს მუდმივ საბჭოზე, სადაც ის მომავალ კვირას გეგმავს გამოსვლას. მისი აზრით, საქართველოს უკონტროლო ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა ხელს უწყობს რეგიონში ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტს, ფულის გათეთრებას, ქმნის კორუფციული ურთიერთობების მანკიერ სისტემას, რაც წარმოადგენს საუკეთესო წინაპირობას ტერორიზმის გავრცელებისათვის და ძირს უთხრის მთელი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ზურაბ ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა ის ზომები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული მხარეების დესტრუქციული პოზიციის გამო, ქვეყნის მთავრობამ დაიწყო ეუთოს მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯების ცალმხრივი განხორციელება. რეგიონის დემილიტარიზაციისა და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისკენ მიმართული ღონისძიებების გარდა, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რესტიტუციის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ამჟამად ვენეციის კომისიის ინსპექტირებას გადის და სულ მალე პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცელად. ზურაბ ნოღაიდელმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მიმდინარე წლის მაისში ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას, სადაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონკრეტული პროგრამები უნდა იქნეს განხილულული.

პრემიერ-მინისტრმა დიდი დრო დაუთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესზე საუბარს. მან სტუმრებს მოუთხრო იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო დროს საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება, ასევე, შეეხო პრივატიზების პროცესის მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2005 წლის მონაცემების მიხედვით 9.3%-ს მიაღწია, ხოლო 2006 წელს 10%-ზე მეტი ზრდა იგეგმება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყნის მთავრობა ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპებზეა ორიენტირებული, და სწორედ ამიტომ ევროპის კავშირთან ურთიერთობაში პრიორიტეტს ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა ევროპის საბაჟო კავშირის (European Customs Union) წევრ-ქვეყნებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი