საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელმა აფხაზეთში რუსული ბანკების უკანონო ქმედება გააპროტესტა

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააგზავნა წერილები დიდი შვიდეულის, ავსტრიისა და შვეიცარიის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების სახელზე. წერილში იგი გამოხატავს აღშფოთებას სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად აფხაზეთის რეგიონში რუსული ბანკების უკანონო ქმედების გამო.

წერილში აღინიშნა, რომ რუსული ბანკები აქტიურად თანამშრომლობენ აფხაზეთში მოქმედ არალეგალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთაც არ გააჩნიათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია; აღნიშნულ ფინანსური დაწესებულებები ასევე არ აკმაყოფილებენ FATF-ის (Financial Action Task Force) მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წენააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
აფხაზურ ფინანსურ დაწესებულებებს გახსნილი აქვთ საკორესპონდენტო ანგარიშები რუსულ ბანკებში და მათი საშუალებით ჩართულნი არიან ფულის გადარიცხვის საერთაშორისო სისტემებში. სწორედ რუსული ბანკების საშუალებით ხდება აფხაზეთში ნარკოტიკების რეალიზაციიდან, ტრეფიკინგიდან და იარაღით ვაჭრობიდან მიღებული დიდი რაოდენობის თანხის გადარიცხვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების მიზნით.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ მიმართა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აღეკვეთა რუსული ბანკების უკანონო ქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
პრემიერ-მინისტრმა თხოვნით მიმართა FATF-ის ხელმძღვანელობასა და დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს რუსული საბანკო სისტემის მიმართ შესაბამისი სანქციების გატარების მიზნით, რადგან რუსული მხარის, როგორც FATF-ის წევრი ქვეყნის ქმედება სცილდება ფულის გათეთრებისა და ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველგვარ სტანდარტებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი