საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე

27 მარტს დაიწყო პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში.

პრემიერ-მინისტრმა პირველი შეხვედრა ეუთოში ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
იგივე საკითხებს შეეხო ზურაბ ნოღაიდელი ეუთოს მუდმივი საბჭოს წინაშე გამოსვლისას. მან გაამახვილა ყურადღება სახელმწიფოს განვითარებაში არსებულ მიღწევებზე, კერძოდ, დემოკრატიის განმტკიცების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში არსებული მნიშვნელოვანი ძვრების შესახებ და ამ კონტექსტში ილაპარაკა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ფაქტები, რომ რეგიონში მძიმე შეიარაღება აღმოაჩინეს, ამოიღეს დიდი რაოდენობით ყალბი ფული, გამოვლინდა კონტრაბანდის მრავალი შემთხვევა. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით ამ ფონზე ის, რომ ეუთოს დამკვირვებელთა მისია რეგიონში არ შეუშვეს, კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. მისი შეფასებით შექმნილი ვითარება ძირს უთხრის არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არამედ ეუთოს ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელ ნაბიჯებს შორის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ერთობლივი ქართულ-ოსური საპოლიციო დანაყოფის ამოქმედება და დასახლებულ პუნქტ გუფთასთან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხების გადაწყვეტისას საჭიროა თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომის შემუშავება, პირველ რიგში, რუსეთთან ერთად.

ზურაბ ნოღაიდელმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიკავკაზში მიმდინარე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა რეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს დემილიტარიზაციის განსახორციელებლად, რაც გაუხსნის გზას მხარეთა თანამშრომლობას კონფლიქტის მოგვარების ჰარმონიზებული ზომების შემუშავებისაკენ. ამასთან ერთად, ზურაბ ნოღაიდელმა სინანული გამოთქვა, რომ დემილიტარიზაციისკენ მიმართულ ქართული მხარის ცალმხრივ ნაბიჯებს ოპონენტთა ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ილაპარაკა ნდობის აღსადგენად ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მან განსაკუთრებით გამოჰყო რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც უახლოეს დროს პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად. ასევე აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების პროექტები, რომლებიც რეგიონში სოციალური ინფრასტრუქტურის - სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების - აღდგენას ითვალისწინებს.
ამ კუთხით ნოღაიდელმა ყურადღება მიაპყრო ეუთოს შემფასებელთა მისიის საქმიანობას და ამ შედეგებზე დაყრდნობით მიმდინარე წლის მაისში ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას. თავის გამოსვლაში პრემიერ-
მინისტრმა პირველად გაამხილა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, გამოიყოს იგივე რაოდენობის თანხა რეგიონის რეაბილიტაციისათვის, რასაც დონორი ქვეყნები გაიღებენ.

დასასრულს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა "საქართველოს ხელისუფლება არ არის წარსულზე ორიენტირებული და არ ეძებს დამნაშავე მხარეებს, ჩვენ მოწოდებული ვართ რეალური პროგრესის მისაღწევად და მზად ვართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ, კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განვიხილავთ. ეს დიდ ძალისხმევას, მოთმინებას და კომპრომისს მოითხოვს. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო ასრულებს თავის დანაპირებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ კურსს, რათა შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნის იმიჯი."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი