საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს და პრეზიდენტს შეხვდა

27 მარტს, ავსტრიაში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ვოლფგანგ შიუსელს (Wolfgang Schussel) და ფედერალურ პრეზიდენტს ჰაინც ფიშერს (Heinz Fischer).

შეხვედრებზე განიხილეს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების მიმდინარეობა, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციზე და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა ევროკავშირის როლის გააქტიურებას საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და გამოხატა კმაყოფილება იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ავსტრია, როგორც ევროპის კავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველოს მიმართ ავლენს. მან გამოჰყო ევროპის კავშირის სახელით გაკეთებული განცხადებები (მათ შორის ეუთოს მუდმივი საბჭოს იმდღევანდელ სხდომაზე) ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა ევროკავშირის სურვილი, მიიღოს მონაწილეობა რეგიონის რეაბილიტაციის პროექტებში.

ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოთქვა პროგრამაში: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა" საქართველოს სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკებათა მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულად აფასებს ვითარებას და ამ ეტაპზე დღის წესრიგში აყენებს რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ავსტრიულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ სურვილს, დღის წესრიგში დადგეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის, ხოლო პირველ ეტაპზე - ევროპის საბაჟო კავშირის წევრ თურქეთთან.

ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ საუბრისას, აღინიშნა, რომ მთელი ევროპის კონტინენტი დგას ერთიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების (იმპლემენტაციის) აუცილებლობის წინაშე, რომლის მთავარ ელემენტს წყაროთა დივერსიფიცირება უნდა წარმოადგენდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალს და არსებული პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი) რეგიონული (ევროპული) დონის სისტემაში ჩართვასთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმზე და გამოთქვა იმედი, რომ ავსტრიელი ინვესტორები საქართველოს მიმართ დაინტერესებას გამოხატავენ. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვიზიტის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების დამატების გაფორმება, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი