საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა

5 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს.

საუბარი შეეხო რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრალვის შედეგად შექმნილ ვითარებას.

ზურაბ ნოღაიდელმა გაკვირვება გამოხატა რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, რომლის შედეგად, არა მხოლოდ აიკრძალა ქართული ღვინის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, არამედ, ხორციელდება სარეალიზაციო ქსელიდან შესაბამისი პროდუქციის ამოღებაც. პრემიერ-მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა მიღებული ზომების ადეკვატურობა, რადგანაც, ამ ნაბიჯებით, რუსული მხარე ებრძვის არა მხოლოდ ფალსიფიცირებულ პროდუქციას, რაც გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ პოზიციად გამოცხადდა, არამედ კეთილსინდისიერ მწარმოებლებსაც; ასევე აღინიშნა, რომ თანაბარი ზიანი მიადგა რუსულ სადისტრიბუციო კომპანიებსაც, რომლებიც ქართული ღვინის რეალიზაციით იყვნენ დაკავებული.

პრემიერ-მინისტრმა განუცხადა ელჩს, რომ მისთვს გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი და აცნობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მზადაა რუსული მხარის თანხმობისთანავე გაემგზავროს მოსკოვში და თავის კოლეგებთან ადგილზე გაარკვიოს საქმის ვითარება.

ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებით გაამკაცრა ბრძოლა ალკოჰოლური სასმელების და, პირველ რიგში, ღვინის ფალსიფიცირების წინააღმდეგ, რამაც აღმოფხვრა საქართველოს ტერიტორიაზე უხარისხო ღვინის წარმოება. იქვე აღინიშნა, რომ თავად რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ საწარმოები, რომლებიც გაურკვევლი წარმომავლობის და შემადგენლობის ღვინოს ასხამენ და შემდეგ "ქართული ღვინის" სამარკო ნიშნით რეალიზებას უწევენ. პრემიერ-მინისტრმა შეახსენა ელჩს, რომ საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მიმართეს მოთხოვნით თავის რუს კოლეგებს, რათა აღეკვეთად ამგვარი საწარმოების მოქმედება, რასაც, სამწუხაროდ, პასუხი არ მოჰყოლია.

ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ღვინის მწარმოებლებთან ერთად ჩაატაროს რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავენ მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას, რომელთა შორის ერთ-ერთი უპირველესია მოსკოვში ქართული ღვინის გამოფენის მოწყობა. ამ გამოფენაზე დასწრებას თავად პრემიერ-მინისტრი გეგმავს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი