საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ევროპის კომისიის დელეგაცია მიიღო

6 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო ევროპის კომისიის დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილის ბატონ ფოკიან ფოტიადისის ხელმძღვანელობით.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და, პირველ რიგში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებათა მიმდინარეობას. ასევე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის წარმატების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ტექსტის საბოლოო შეთანხმება. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაციის პროცესს. ზურაბ ნოღაიდელმა პრიორიტეტულად დაასახელა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმების შესაძლებლობა ევროპის კავშირთან, ხოლო პირველ ეტაპზე თურქეთთან, რომელიც ევროპის საბაჟო კავშირის წევრია და ევროკავშირის შესაბამისი თანხმობა სჭირდება.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა ის წარმატებები, რომელიც ამ კუთხით უკვე მიღწეულია. სტუმარმა ევროპის კომისიის სახელით დახმარება აღუთქვა ქართულ მხარეს რეფორმების განხორციელების მომდევნო ეტაპებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კმაყოფილება ენერგეტიკის სფეროში ევროპის კავშირის ენერგეტიკის პოლიტიკის ფარგლებში დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტთან - "მწვანე ფურცელთან" დაკავშირებით. სტუმრის განცხადებით, რუსეთიდან ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებით ბოლო დროს, მათ შორის საქართველოში, მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აუცილებელია ისეთი ერთიანი ევროპული სისტემის შემუშავება, რომელიც ენერგომატარებლების მომწოდებელთა დივერსიფიცირებაზე იქნება დაფუძნებული. აღინიშნა, რომ ამ სისტემაში საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია უნდა დაეკისროს. ბატონმა ფოტიადისმა განაცხადა, რომ ევროპის კომისია უახლოეს დროს გეგმავს უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული კონსულტაციების ჩატარებას ენერგეტიკის საკითხებზე. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი