საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

6 აპრილს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ რინა ფანდის, რომელმაც 7 აპრილს რწმუნებათა სიგელი უნდა გადასცეს საქართველოს პრეზიდენტს.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პოტენციალი.

სტუმარმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს შეიმჩნევა ინდოეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. ელჩმა ილაპარაკა საქართველოში ინდური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობზე, პირველ რიგში, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღინიშნა საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი საჰაერო-კავშირების დამყარების აუცილებლობა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდოეთთან ურთიერთობათა განვითარებას. აღინიშნა, რომ აუცილებელია ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობათათვის ხელის შეწყობა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა ინდური მხარისათვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება საქართველოს საელჩოს გახსნა დელიში, ისევე, როგორც ბიზნესმენთა და ოფიციალურ პირთა ვიზიტების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი