საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ღვინის მარანს ეწვია

7 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რუსულ-ბრიტანული ინვესტიციებით შექმნილ "ტბილისსკი ვინნი პოგრებ"-ს (Тбилисский винный погреб) ეწვია.
ღვინის ქარხნის დათვალიერების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა:


ამ საწარმოში ჩადებული რუსულ-ბრიტანული ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის სექტორის განვითარებისათვის. მთავარია, რომ ისინი ამზადებენ ხარისხიან ქართულ ღვინოს და შემდეგ, ბუნებრივია, მათ შეუძლიათ გარკვეული ლობირება რუსულ ბაზარზე. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული აკრძალვები, რომელიც შეეხო ქართული ღვინის სექტორს, რუს ინვესტორებსა და იმპორტიორებსაც აზარალებს.

მინდოდა ამ ერთი კონკრეტული საწარმოს მაგალითზე გვენახა საქართველოში ღვინის დამზადების მთელი ტექნოლოგია, მთელი ციკლი. ჩვენ ვნახეთ უმაღლესი კლასის ლაბორატორია, მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიური დანადგარები. სახეზე გვაქვს მზა პროდუქცია, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხისაა და ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რამდენად არასერიოზულია ქართული ღვინის მიმართ წამოყენებული ბრალდებები.

ჩვენი მთავარი ამოცანაა კვლავ დავუბრუნდეთ რუსეთის ბაზარს. ამ თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები რუსეთთან. მეღვინეებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ჩატარდება გარკვეული კონსულტაციები. მზად ვარ ჩავიდე სამუშაო ვიზიტით რუსეთში და კონკრეტულად განვიხილო ეს საკითხები. შემდგომ ეტაპზე ჩვენ გვინდა რუსული მედის და რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ საქართველოში და ვაჩვენოთ, რამდენად მაღალია აქ წარმოებული ღვინის ხარისხი, თუნდაც ამ კონკრეტული საწარმოს მაგალითზე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი