საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

9 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის კანცელარიაში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა.


საქართველოს მთავრობის სახელით მივესალმები ჩვენს სტუმრებს: კონგრესმენებს ჯიმ კოლბსა და სქოთ გარეტს, ელჩებს ჯონ დანილოვიჩსა და ჯონ ტეფტს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ დახმარებისათვის, რომელსაც დამოუკიდებლობის პირველი დღიდანვე გვიწევს.

დღეიდან რეალურად შევიდა ძალაში MCC (Millennium Challenge Corporation) კომპაქტი. ჩვენ უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მას შემდეგ, რაც მთელი ფორმალური
პროცედურები დასრულდა, მთავრობის სახელით ხელი მოვაწერე რამდენიმე სერტიფიკატს კომპაქტის ძალაში შესვლის შესახებ. ამით საშუალება გვეძლევა MCC-ის სერიოზული დაფინანსება მივმართოთ რეგიონალური განვითარებისა და განსაკუთრებულად სიღარიბის დაძლევისათვის. ძალზედ მნიშვნელოვანია ის პროცედურები, რომელებიც MCC-ის პროექტებშია გათვალისწინებული. ჩვენ შევძლებთ რეგიონების უფრო თანაბარ დაფინანსებას, განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას მთელ საქართველოში.

აგრეთვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს და მთავრობას იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც გაგვიწიეს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმის შექმნაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერაში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი