საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ნატოს დელეგაცია მიიღო

2 მაისს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ნატოს დელეგაციას, ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის ბატონი ჯონ კოლსტონის ხელმძღვანელობით.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და კერძოდ, პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის (IPAP)-ის დასრულების შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებს.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თავდაცვის სფეროში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რესტრუქტურირების შესახებ. ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და პრიორიტეტად დაასახელა სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროების რეფორმირება. აღინიშნა, რომ შემუშავებულია სასამართლო სფეროს ეტაპობრივი რეფორმის სქემა, რომლის განხორციელებას თავად პრემიერ-მინისტრი გაუწევს კოორდინირებას. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოდან, საქართველოს რეგიონებში აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგებიან არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული რწმუნებულები, არამედ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული ადგილობრივი საბჭოების მიერ შერჩეული პირები. ნატოს დელეგაციის აზრით, ამ მიმართულებებით მიღწეული წარმატება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესზე.

სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მთელი მთავრობის ეფექტური ქმედებების შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს ნატოსთან დაახლოების მიმართულებით. ბატონი კოლსტონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არის დასახელებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ეტაპების კონკრეტული თარიღები, წევრი ქვეყნების მხრიდან მკაფიოდ აღინიშნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის დადებითი შეფასებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროს მიღებულ იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი