საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის მეორე დღე დიდ ბრიტანეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის მეორე დღე დიდ ბრიტანეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან ჯეინ ლემიერთან (Jean Lemierre) შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს მთავარი გაზსადენის რეაბილიტაციაში, ასევე განიხილება გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა.

ამის შემდგომ ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბრიტანეთის ბიზნესფორუმში "ინვესტირება საქართველოში", რომელიც საქართველოს მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის "Financial Times" ორგანიზებით ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, თუკი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კონცეტრირებული იყო ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების პრივატიზაციაზე, ახლა ბევრად უფრო ფართოდ უნდა იყოს საუბარი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და რომ დღევანდელი კონფერენცია საქართველოში ინვესტირების მოზიდვის ახალი ეტაპის დასაბამი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინვესტიციების მოზიდვა აგრარულ სექტორში და განსაკუთრებული აქცენტი უახლოეს მომავალში სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდება.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მიღებულ იქნა არამეგობრული და რაც მთავარია არასამართლიანი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვის შესახებ. აქვე, ცნობილი გახდა, რომ მაისის ბოლოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თაოსნობით ქალაქ ლონდონის "ღვინის მუზეუმში" ქართული ღვინის გამოფენა მოეწყობა. გამოფენაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელისა და ამერიკული კომპანიის "Eastwind Maritime Inc" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, არის ის, რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმის პორტის მართვის უფლებით გადაცემის ტენდერში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ისინი ძალზედ კმაყოფილნი არიან ბათუმის სანაოსნოს პრივატიზაციით, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქმიან შეხვედრას გამართავს "ბრიტიშ პეტროლიუმის" (BP) წარმომადგენლებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი