საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

7 მაისს, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, ასამბლეის პრეზიდენტის პიერ ლელუშის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული ურთიერთობები და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.

ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ და პრიორიტეტულად სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროები დაასახელა. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესი, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს. ზურაბ ნოღაიდელმა განსაკუთრებით გამოყო ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტები, რომელთა განხორციელებაც ცხინვალის რეგიონში იგეგმება. აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე წლის ივნისში ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას, სადაც რეგიონში კონკრეტული პროექტების განხორციელება იქნება განხილული. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან გამოიყოს იგივე რაოდენობის თანხა, რასაც დონორი ქვეყნები გაიღებენ.

ბატონმა ლელუშმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და დემოკრატიული რეფორმების წარმატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი გახდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი