საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

21 მაისს, პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა და მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს ყოველწლიურ კონფერენციაში.

ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ბანკის პრეზიდენტს ბატონ ჟან ლემიერს (Jean Lemierre). შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მიღწევებზე. ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს დროს, მათი მხრიდან იგეგმება საქართველოში ინვესტირების მოცულობის მნიშვნელოვანი გაზრდა - არსებული ყოველწლიური 85 მლნ. ევროს ნაცვლად ბანკი ყოველწლიურად საქართველოში 150 მლნ. ევროს ინვესტირებას განახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოს პროგრესის მაღალი შეფასება. მასპინძელი მხარე დაინტერესდა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვის საკითხით. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც რეალური ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში შეიქმნება საინვესტიციო საბჭო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მთავრობისა და კერძო სექტორის მონაწილეობით. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ბატონმა ლემიერმა ასევე დაადასტურა, რომ ბანკი მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და, კერძოდ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა და ჩრდილოეთ-სამხრეთი გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტებში. საუბრის დასასრულს ბატონმა ლემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი ქვეყნის პრეზენტაცია სასურველ შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ კლეი ლოურის (Clay Lowery). შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა. იმსჯელეს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCA)-ს მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დროული განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას უახლოეს დროს დაიწყოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის მომდევნო ეტაპი - პირველ რიგში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ბატონმა ლოურიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მხარე გეგმავს აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი ბანკების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ბატონ ჰაირეტინ კაპლანთან (Hayrettin Kaplan) შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ეკონომიკურ და საბანკო სექტორში თანამშრომლობის საკითხები. იმსჯელეს შესაძლო პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე. ბატონი კაპლანი დაინტერესდა საქართველოში ინფრასტრუქტურის, აგრარულ და საბანკო სექტორში ინვესტირების შესაძლებლობით. ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ინვესტორთათვის.

პრემიერ-მინისტრი შეხვდა საკრედიტო სააგენტოს "სტანდარდ ენდ ფუარს"-ის (Standard and Poor's) აღმასრულებელ დირექტორს ბატონ კონრად როისს (Konrad Reuss). სააგენტო ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგს ანიჭებს - მისი გადაწყვეტილება მეტად ავტორიტეტულია მსოფლიო ფინანსურ წრეებში და პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობასთან. ბატონმა როისმა მიულოცა საქართველოს მთავრობას 2005 წლის ბოლოს ქვეყნისთვის "ბი+"-ის (B+) რეიტინგის მინიჭება და წარმატება უსურვა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების სფეროში. აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა იმედი, რომ 2006 წლის ბოლოს საქართველო უფრო მაღალ საკრედიტო რეიტინგს მიიღებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციის ფარგლებში შედგა (საქართველოს) ქვეყნის პრეზენტაცია (country presentation), სადაც პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა გააკეთეს მოხსენებები ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ. გამოსვლები ძირითადად კონცენტრირებული იყო ენერგეტიკის, საბანკო და ტურიზმის სექტორებზე. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მათ შედეგად შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიცია ორი წლის განმავლობაში 15-დან 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ახალი ინვესტიციების განხორციელებაც იგეგმება. პრეზენტაციას ევროპისა და აშშ-ს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული დელეგაციის გამოსვლამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი