საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

გრძელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში.

ორშაბათს, 22 მაისს ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჯონ პრესკოტს (Rt. Hon John Prescott). შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროების რეფორმირებას. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც უნდა შეიმუშაოს სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის გეგმა.

ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველო ინტეგრაციის მომდევნო ეტაპს ელოდება. პროცესის დაჩქარება ბრიტანული მხარის თანადგომითაა შესაძლებელი. ბატონ პრესკოტის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში.

ევროკავშირთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისფლება ორიენტირებულია რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული გეგმის შემუშავებაზე. ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპის სამეზობლო ინიციატივის საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ მოლაპარაკებათა მიმდინარეობით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღის წესრიგში რჩება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა.

დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებას. ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს. ისაუბრეს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების მიმდინარეობაზე. თავის მხრივ, ინგლისურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერა დაადასტურა.
ორშაბათს, ზურაბ ნოღაიდელმა ასევე გამართა შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

ბრიტანეთის მრეწველთა კონფედერაციის გენერალურ დირექტორთან სერ დიგბი ჯონსთან (Sir Digby Jones) შეხვედრისას განიხილეს ინგლისური ბიზნესის საქართველოში მუშაობის პირობები. პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა ქვეყანაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ამ რეფორმების შედეგად შექმნილ საინვესტიციო გარემოზე. შეხვედრას ინგლისელი ბიზნესმენებიც ესწრებოდენ, რომელთა ნაწილიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში. მათი შეფასებით, ბოლო დროს, საქართველოში ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვნად ადვილი და მიმზიდველია, ხოლო საქართველოს მთავრობის საგადასახადო რეფორმის შედეგად ხელსაყრელი გახდა, როგორც შიდა მოხმარების, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების დაფუძნება. აღინიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და ყოველგვარ დახმარებას უწევს. ბატონმა ჯონსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოქმედი ბრიტანელი ბიზნესმენების პოზიტიური გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინგლისური კაპიტალის მოზიდვას. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებებიც - კერძოდ, გადაწყდა, რომ წლის მეორე ნახევარში საქართველოს ბრიტანელი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი ეწვევა. ისინი ადგილზე გაეცნობიან ინვესტირების შესაძლებლობებს.

დღეს დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში სერ ნაიჯელ შინვალდთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მაიკ გეიფსთან (Mike Gapes), თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბურთნოტთან (James Arburthnot) და ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვილიამ ჰეიგთან (Rt. Hon William Hague).

დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში ქართული მინანქრის გამოფენას გახსნის.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი