საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის მესამე დღე გაერთიანებულ სამეფოში

სამშაბათს, 23 მაისს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა მინისტრს ევროპის საკითხებში ჯეფრი ჰუნს (Geoffrey Hoon). შეხვედრის მთავარ თემებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის საკითხები და შეთანხმების მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა გეგმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღწეული პროგრესის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე დაიწყება გეგმის იმპლემენტაციის ფაზა. ამასთან, ზურაბ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პერსპექტივა ევროკავშირთან, ხოლო პირველ ეტაპზე - თურქეთთან, რომელიც ევროპის საბაჟო კავშირის წევრია და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმებისთვის ევროკავშირის თანხმობა სჭირდება. ბრიტანულმა მხარემ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საინტეგრაციოდ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც აღუთქვა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ენერგომატარებლების მოწოდების არასტაბილურობის გამო, ევროპაში აქტუალობა შეიძინა მოწოდების წყაროების დივერსიფიცირების პრობლემამ, ხოლო საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. ბატონმა ჰუნმა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერა გამოხატა.

განსაკუთრებით აღინიშნა ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
ძირითადად რეგიონული უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების საკითხები განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესთან სერ გარი ჯონსონთან (Sir Garry Johnson) შეხვედრისას. ბატონი ჯონსონის განცხადებით, ის საქართველოს დიდ გულშემატკივრად რჩება და წარმატებას უსურვებს ქვეყნის ხელისუფლებას.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტომ უოტსონის (Tom Watson) განცხადებით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქარველოს ნატოში ინტეგრაციას და დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს ნატოსთან დაახლოების მიმართულებით - პირველ რიგში ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) წარმატებით შესრულებას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრიტანული მხარე ხელს შეუწყობს საქართველოსათვის ნატოში ინტეგრაციის ახალი ეტაპის შესახებ გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღებას. განიხილეს ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მიმდინარეობა.

დღესვე ზურაბ ნოღაიდელმა ბრიტანეთის ბიზნესაქტივობის ცენტრში - ლონდონსიტიში გამართა შეხვედრა ქალაქის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო მსოფლიოს წამყვანი კონსალტინგური კომპანიის "დიელეის" მიერ და მას ლონდონის წამყვანი ბიზნესმენები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და ინვესტირების შესაძლებლობები. გამოვლინდა ბიზნესმენთა განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებით.

პრემიერ-მინისტრი შეხვდა აგრეთვე საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (Department For International Development - DFID) მუდმივ მდივანს სერ სუმა ჩაკრაბატის (Sir Suma Chakrabati) და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილესა და საპარლამენტო მდივანს საერთაშორისო განვითარების საკითხებში გარეტ ტომასს (Gareth Thomas). განიხილეს დეპარტამენტის საქმიანობა საქართველოში, რომელიც ძირითადად სიღარიბის დაძლევის, ინსტიტუციონალური აღმშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზეა კონცენტრირებული. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დეპარტამენტი ასევე ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობისკენ არის მიმართული. ბრიტანული მხარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმატებული მუშაობისა და ქვეყანაში გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, დეპარტამენტი გეგმავს პროექტების რიცხვის ეტაპობრივ შემცირებას, რადგან ისინი გათვლილია ღარიბ ქვეყნებზე. თუმცა, აღინიშნა, რომ საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი კვლავაც მიიღებს მონაწილეობას საქართველოში იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის კავშირის მიერ იქნებიან ინიცირებული.

დღეს დაგეგმილია პრემიერ მინისტრის გამოსვლა ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში "ჩეთემ ჰაუსში" (Chatham House) სადაც იგი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და ახალი საფრთხეები სამხრეთ კავკასიაში". დღის ბოლოს ლონდონის "ვინოპოლისის" მუზეუმში პრემიერ-მინისტრი გახსნის ქართული ღვინის გამოფენას "საქართველო - ღვინის სამშობლო" (Georgia - Cradle of Wine).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი