საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ოთხშაბათს, 24 მაისს დიდ ბრიტანეთში ვიზიტად მყოფმა ზურაბ ნოღაიდელმა გამართა შეხვედრები ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებთან.

პრემიერ-მინისტრი შეხვდა ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს ლორდ ჯორჯ რობერტსონს (Lord George Robertson). მასთან საუბრის მთავარ თემას საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენდა.

ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრს მაიკლ მურს (Michael Moore). განიხილეს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. ბატონი მურის განცხადებით, საქართველოში მომხდარი დემოკრატიული გარდაქმნები უნიკალური და სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. ისაუბრეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. მასპინძელმა მხარემ სრული მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პარტია ბრიტანეთის პარლამენტში ამ მიმართულებით შესაბამის სამუშაოს ჩაატარებს. განიხილეს აგრეთვე, რეგიონალურ ორგანიზაციებში დსთ-ს, სუამისა და "დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის" ფარგლებში მიმდინარე მოვლენები. ბრიტანულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, საქართველოს ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღის მეორე ნახევარი პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან ურთიერთობებს დაუთმო და მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებზე ელაპარაკა. ზურაბ ნოღაიდელმა გამართა შეხვედრა ბრიტანეთის წარმატებულ ბიზნესმენთან ლაკშმი მიტალთან (Lakshmi Mittal).

მოგვიანებით ლონდონის მერიაში პრემიერ-მინისტრი ქალაქის მერს - დევიდ ბრიუერს (David Brewer) და ლონდონში მოღვაწე ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა. ზურაბ ნოღაიდელი კომპანია მერილ ლინჩსაც (Merrill Lynch) ეწვია.

საინვესტიციო ფორუმზე დელეგაციის წევრებმა და საქართველოში მოქმედმა ბიზნესმენებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე. ბიზნესმენთა ყურადღება მიიპყრო რეფორმების შედეგად საქართველოში შექმნილმა ხელსაყრელმა საინვესტიციო გარემომ. მათ დაინტერესება გამოხატეს ცალკეულ სფეროებში კაპიტალის დაბანდებით.

24 მაისს, საღამოს, პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღებას უმასპინძლებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი