საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ეუთოში ევროპის ქვეყნების ელჩების დელეგაცია მიიღო

ორშაბათს, 29 მაისს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო ეუთოში ევროპის ქვეყნების ელჩების დელეგაცია. ისინი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ისაუბრეს გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, განიხილეს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა.

პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ილაპარაკა სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების სისტემების რეფორმირებაზე. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ უკვე მომავალ თვეში მომზადდება სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი გეგმის პროექტი, რომელიც შემდეგ პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ინსპექტირებას გაივლის. ეუთოს სახელმწიფოთა ელჩებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ რეფორმას და იმედი გამოთქვეს, რომ სხვა სფეროების რეფორმირებაც წარმატებული იქნება.

ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ზურაბ ნოღაიდელმა სტუმრებს დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დღის წესრიგში კვლავ რჩება დემილიტარიზების საკითხი. პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა ეუთოს მონიტორების მიერ რეგიონში მძიმე შეიარაღების აღმოჩენის ფაქტი. მისი განცხადებით, ეს ცხადყობს, რომ მშვიდობისმყოფელები ვერ ასრულებენ მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს. მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას. ზურაბ ნოღაიდელმა კვლავ გაიმეორა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან იგივე თანხის გამოყოფის შესახებ, რაც დონორების მიერ იქნება შეგროვილი. პრემიერ-მინისტრმა ასევე ილაპარაკა რესტიტუციის კანონზე. ზურაბ ნოღაიდელის განცადებით, მთავრობა ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და კანონი უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. აღინიშნა, რომ კანონი ვენეციის კომისიასა (Venice Commission) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (United Nations High Commissionner for Refuges) ოფისთან თანამშრომლობით მზადდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონალურ პრობლემატიკაზეც, მათ შორის თანამშრომლობაზე დსთ-სა და სუამის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია ჰქონდეს პრაგმატული და მაქსიმალურად ღია ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. ხოლო, დსთ-ს არაეფექტურობისა და არაქმედუნარიანობის გამო, იძულებულია დაამყაროს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მის პარტნიორებთან, მათ შორის, სუამის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დსთ-დან გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების თვითმიზანი არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება ორგანიზაციაში წევრობისა თუ მისი დატოვების შესახებ მიიღება მხოლოდ შესაბამისი შეფასებითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი