საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

30 მაისს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებისას ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა: ჩვენ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროგრამებს ვახორციელებთ რეგიონებში. საბიუჯეტო სახსრები დაახლოებით 23,5 მლნ. ლარია, რომელიც რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ხმარდება. გვაქვს ინვესტიციები ენერგოობიექტების კუთხით; განათლების სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 350-მდე სკოლის სრული და ეტაპობრივი რეაბილიტაცია, რისთვისაც დაახლოებით 80 მლნ. ლარია გამოყოფილი; ჯანდაცვის სფეროში ხორციელდება 40 მლნ. ლარის ინვესტიცია; სავტომობილო მაგისტრალების და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობისთვის - 200 მლნ. ლარი.

წელს ასევე გვექნება, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი დაახლოებით 100 მლნ. ლარის ინვესტიცია.

თითოეულ რეგიონში გატარდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მინდა ყველა რეგიონზე თითო მაგალითი მოვიყვანო.

წელს აგვისტოს ბოლოსთვის ამბროლაურში გვექნება გაზი; რუსთავში რეაბილიტირებული იქნება გზების დიდი ნაწილი; ინვესტიციების დიდი რაოდენობა კახეთში ფოკუსირებულია გზებზე და თელავის წყლით მომარაგებაზე; ახალციხეში სრულად იქნება რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემა; შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის სოფლებში, რეაბილიტირებული იქნება სკოლები, მოხდება რეგიონის გაზიფიცირება; სამეგრელოში ვაგრძელებთ გზების მშენებლობას; იმერეთში, ქუთაისში, უკვე სრულდება შიდა გზების რეაბილიტაცია; ოზურგეთში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა; მცხეთა-თიანეთში ვასრულებთ სატრანსპორტო პროექტს; აჭარაში მიჭირს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტის დასახელება. ჩვენ ვაგრძელებთ მაღალმთიან აჭარაში გზების რეაბილიტაციას; წელს აღვადგენთ ქობულეთი-ოზურგეთის გზის მონაკვეთს და, რაც მთავარია, ციხისძირში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა.

ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იგი პირადად აპირებს ყველა რეგიონის მონახულებას და რწმუნებულებს სთხოვა რეგიონებში მოაწყონ საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები, რათა ამის შესახებ საზოგადოება მაქსიმალურად კარგად იყოს ინფორმირებული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი