საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

1 ივნისს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის პირველი დღე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დანიალ ახმეტოვთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის მომავალი გეგმები განიხილებოდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა ხსნის ყოველგვარ პრობლემას საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. დანიალ ახმეტოვის თქმით, განხილვის სტადიაშია ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხი.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ყაზახური მხარე საქართველოში კიდევ ერთი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. საქმე ეხება ფოთის პორტში მარცვლეულის ტერმინალის აშენებას, რომლის საშუალებით დაახლოებით 1 მილიონი ტონა მარცვალის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დასრულდება.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია "კაზმუნაიგაზის" პრეზიდენტს უზაკბაი კარაბალინს შეხვდა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, დღევანდელი შეხვედრა იმ კონკრეტული გეგმის შემუშავებას ემსახურებოდა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს დედაქალაქში "თბილგაზის" მიერ გაზის გადასახადის ამოღება უნდა გაიზარდოს და მოხდეს ტექნიკური დანაკარგის შემცირება.

სამუშაო ვიზიტის პირველი დღის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელს შეხვედრები ჰქონდა აგრეთვე ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან ასკარ მამინთან და "ევრაზიის ინდუსტრიული ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ალიტჟან იბრაგიმოვთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი