საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის მეორე დღე ყაზახეთის რესპუბლიკაში

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2 ივნისი, ვიზიტის მეორე დღე საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გახსნით დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მიიღეს. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ ნოღაიდელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ყაზახეთი 2006 წლის შედეგებით ნომერ პირველი ინვესტორია საქართველოში. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყაზახური კომპანიები წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 3-4 მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებენ საქართველოში.

დღესვე პრემიერ-მინისტრი შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ამ შეხვერაზე განიხილეს, საქართველოს დსთ-დან გამოსვლის საკითხს შეეხებოდა. აღნიშნული შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ყაზახეთის პრეზიდენტი ამჟამად სწორედ დსთ-ს თავმჯდომარეა.

იმაში, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არაეფექტიანია და არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ზურაბ ნოღაიდელი, პირველ რიგში, რუსეთს ადანაშაულებს. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი სამთავრობო კომისია აგრძელებს მუშაობას და კონსულტაციებს დსთ-ში მყოფ საქართველოს პარტნიორ სხვა ქვეყნებთანაც და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღება.

პრემიერ-მინისტრი ქალაქ ასტანაში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციისა და ტურისტული სააგენტოების პრეზენტაციასაც დაესწრო. მან იმედი გამოთქვა, მსგავსი პრეზენტაციებით და იმ კონკრეტული მექანიზმებით, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქართული ღვინის ექსპორტი ბევრად შედეგიანი გახდება.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი