საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლს ეწვია

6 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შიდა ქართლში იმყოფებოდა.

ზურაბ ნოღაიდელმა ვიზიტი მშენებარე ავტომაგისტრალის ნატახტარის მონაკვეთის დათვალიერებით დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა შეამოწმა თუ როგორ მიმდინარეობს 18 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის საფარის დაგების პროცესი. ნატახტარის მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენა სახელმწიფოს 47 მილიონი ლარი უჯდება. სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. „ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი. წელს დავიწყეთ თბილისიდან დასავლეთისკენ ავტომაგისტრალის მშენებლობა. ყველაფერი მიდის გრაფიკის შესაბამისად. სექტემბრის ბოლოს ამ გზაზე დაიწყება მანქანების მოძრაობა" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მოინახულა სურამში მშენებარე ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო. მან დაათვალიერა აგრეთვე სოფელ ცხისში მიმდინარე 6 სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აგარის ქარხანაშიც, გაეცნო აგარის საშუალო სკოლაში კაპიტალური რემონტის მიმდინარეობას, დაათვალიერა ქარელის რაიონის სოფელ ბებნისის სანერგე-საცდელი მეურნეობა.

განსაკუთრებით კმაყოფილი ზურაბ ნოღაიდელი დარჩა გორში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობით: „სექტემბრიდან ქალაქს წყალი მიეწოდება შეუზღუდავად, ეს იქნება გორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ წელს ვახორციელებთ"

პრემიერ-მინისტრი დაესწრო რეგიონში მიმდინარე პროექტების განხილვა-პრეზენტაციას, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.

ვიზიტის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი გორში ძიუდოს სკოლის შენობის გახსნას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი