საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

14 ივნისს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დაესწრო ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნას.
პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მუდმივმა თავმჯდომარემ კარელ დე გუხტმა (Karel de Gucht) კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

ზურაბ ნოღაიდელმა მაღალი შეფასება მისცა ეუთოს როლს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მიმოიხილა რეგიონში არსებული მდგომარეობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კვლავაც უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონის დემილიტარიზაციის პრობლემა.

კარელ დე გუხტთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დონორთა კონფერენციის შედეგები, ისაუბრეს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის, ასევე საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. განიხილეს საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივ ურთიერთობათა მნიშვნელოვანი საკითხები.

ამავე დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის კავშირის გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას (Javier Solana). მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები, ისაუბრეს აგრეთვე საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ზურაბ ნოღაიდელმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემების რეფორმირებაზე, მადლიერება გამოხატა ევროპის კავშირის მიმართ საქართველოსათვის რეფორმების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის კავშირის აქტიური როლი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში.

დადებითი შეფასება მიეცა სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოლაპარაკებების მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი საკითხია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალესანდრო მინუტო რიცოსთან (Alesandro Minuto Rizzo) შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულების შემდეგ ინტეგრაციის ახალ ეტეპზე სწრაფი გადასვლა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი