საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

გრძელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

ხუთშაბათს, 15 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ევროპის კავშირის კომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიბალგსს (Andris Piebalgs). ისაუბრეს ევროპაში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ევროპის კონტინენტისათვის ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროებიდან მოწოდების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ტრანზიტულ პოტენციალს.

საგარეო საკითხებში ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერთან (Benita Ferrero-Waldner) შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პროცესის შესახებ. განიხილეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის შეთანხმების მიმდინარეობა. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მოლაპარაკებათა მე-3 რაუნდის შედეგებს.

ზურაბ ნოღაიდელი აგრეთვე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს პიტერ მანდელსონს (Piter Mandelson) შეხვდა, რომელთანაც საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა იყო. კომისარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკური და ფისკალური ლიბერალიზების კუთხით განხორციელებულ პოლიტიკას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი