საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელმა ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე მიიღო

ხუთშაბათს, 23 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის კანცელარიაში მიიღო ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ბატონი ფრანც ვაისგლასი (Frans Weisglas), რომელიც თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით იმყოფება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

საუბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ზურაბ ნოღაიდელმა მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზების მიზნით გატარებული ღონისძიებები. ყურადღება გაამახვილა სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების სისტემების რეფორმირებაზე. ბატონმა ვაისგლასმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველომ მეტად შთამბეჭდავი გზა განვლო.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია საქართველო იმ ქვეყანათა რიგში მოხვდეს, რომლებიც ნატოს გაფართოების უახლოესი ტალღის შედეგად ორგანიზაციის წევრები გახდებიან. სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდების პარლამენტის მიერ გატარებულ იქნა გარკვეული ღონისძიებები, რათა ქვეყნის ხელისუფლებამ უახლოეს დროს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით.

განიხილეს ასევე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები. ბატონმა ვაისგლასმა მოიწონა საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია, რომელიც ამ ეტაპზე კონცენტრირებულია არა ევროკავშირში წევრობაზე არამედ, ევროპის სამეზობლო ინიციატივის რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ამ მიმართულებით მოლაპარაკებათა მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ გადასაწყვეტ საკითხად რჩება საქართველოსა და ევროკავშირს (ხოლო პირველ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთს) შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი