საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთს ეწვია

24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა.

ზურაბ ნოღაიდელმა ვიზიტი ცხვარიჭამიის, თბილისი-თიანეთისა და თბილისი-ახალგორის გზების რეაბილიტაციის სამუშაოთა დათვალიერებით დაიწყო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. "ჩვენ გავიარეთ როგორც გარემონტებულ, ისე გაურემონტებელ გზებზე. არის კიდევ რიგი მოუგვარებელი პრობლემებისა, მაგრამ მთავარია, რომ წელს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და სერიოზული ინვესტიციებია განხორციელებული." - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

პრემიერ-მინისტრმა მოინახულა ქ. დუშეთის წყალმომარაგების სათავო ნაგებობა, დაათვალიერა მდინარე ივრისა და არაგვის წყალმომარაგების რეაბილიტაციის სამუშაოები. შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი ჟინვალში ჩავიდა, სადაც შარშან წყალდიდობის დროს დაზიანებული კომპლექსი დაათვალიერა. სამუშაოები იქ თითქმის დასრულებულია, რაც თბილისის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების გარანტიას იძლევა.

პრემიერ-მინისტრი ეწვია ქსნის მინის ქარხანას, ნატახტრის აეროპორტსა და ლუდსახარშ "ნატახტარს".
ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ რეგიონში შეიმჩნევა წინსვლა: "შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო მეტი სამუშაო ადგილებია შექმნილი, ვითარდება ტურისტული პოტენციალი და უამრავი პრობლემა ეტაპობრივად გვარდება."

ვიზიტის დასასრულს ზურაბ ნოღაიდელი დაესწრო რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი