საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამეგრელოს ეწვია

29 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა.

ვიზიტის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა ენგურჰესის კაშხალზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოები. ზურაბ ნოღაიდელი სადერივაციო გვირაბში ჩავიდა და მუშა პერსონალს შეხვდა. ნოღაიდელის თქმით, თაღოვანი კაშხალი 15 ივლისისათვის მზად იქნება, წლის ბოლოს ამუშავდება ჰიდროელექტროსადგურის ოთხი აგრეგატი და საქართველოს ენერგომომარაგება 12%-ით გაიზრდება.

ენგურჰესის მონახულების შემდეგ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ზუგდიდში ჩავიდა, სადაც გაეცნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში საავადმყოფო და თხილის ქარხანა დაათვალიერა. შემდეგ იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვდა რეგიონის ყველა რაიონის გამგებელს და მოისმინა თუ როგორ მიმდინარეობს მხარეში სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა სენაკის მეღორეობის ფერმა, ფოთში ეწვია ხორცის გადამმუშავებელ და თევზის ქარხნებს. ვიზიტის დასასრულს ზურაბ ნოღაიდელმა მოინახულა ფოთის ვიზიტორთა სახლი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი