საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

კონფერენცია სინგაპურში

2006 წლის 17 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ სინგაპურში გამართეს კონფერენცია თემაზე "მსოფლიოში ბიზნესის წარმოებისა და რეფორმების შესახებ".

კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის რანგში მიწვეული იყო ბატონი ზურაბ ნოღაიდელი, როგორც N1 რეფორმატორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები; კერძოდ, ილაპარაკა: ბიზნესის რეგისტრაციის, ლიცენზიებისა და ნებართვების, შრომითი კანონმდებლობის, საგარეო ვაჭრობის, ფინანსურ სექტორსა და სამართლებრივ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გამოსვლის დასასრულს ილაპარაკა აგრეთვე მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე, როგორიც არის ბიზნესის დახურვა, საკრედიტო ინფორმაციის გაუმჯობესება და ა.შ.

სხვა რეფორმებთან ერთად აუდიტორიის განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია მიმდინარე სამართლებრივი სფეროს რეფორმამ.

ბატონი ნოღაიდელის შემდეგ მექსიკაში მიმდინარე ფინანსური სექტორის რეფორმაზე ილაპარაკა მექსიკის (რეფორმატორი N3) ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ჯილ დიასმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მენეჯერთან ბატონ თუნელთან და მსოფლიო ბანკის გენერალურ დირექტორთან ბატონ ვილერთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და მომავალში თანამშრომლობის უახლოესი გეგმები (მათ შორის გზების რეაბილიტაცია/მშენებლობისა და ენერგეტიკის მიმართულებით).

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სინგაპურის პრეზიდენტს ბატონ რამანთანს. საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში 18 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი