საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა

შაბათს, 11 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ახლადდანიშნული მინისტრები წარადგინა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახლი მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი წარუდგინა. ზურაბ ნოღაიდელმა ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის ირაკლი ჩოგოვაძეს მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ირაკლი ჩოგოვაძის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული სფერო. ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე ილაპარაკა თავდაცვის სფეროში ირაკლი ოქრუაშვილის წარმატებული საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ცოდნა ახლა ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებით სჭირდება. ,,ირაკლი ოქრუაშვილის გამოცდილება, მისი მაკრო- და მიკრომენეჯმენტის უნარი საჭიროა ეკონომიკის განვითარებისათვის. დარწმუნებული ვარ, 2007 წელი ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტალური წარმატების წელი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ზურაბ ნოღაიდელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს ახალი მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, წელს კახეთში რთველს პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და რთვლის წარმატებით ჩატარებისთვის პეტრე ცისკარიშვილს და მიხეილ სვიმონიშვილს მადლობა გადაუხადა. ,,მინდა მივესალმო პეტრე ცისკარიშვილს მის ახალ ამპლუაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მისი სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს წარმატებული იქნება როგორც ქვეყნისათვის, ასევე მოსახლეობისათვის"

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი