საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პეტრე მამრაძე გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს, 25 იანვარს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წლიურ, საანგარიშო, წარმომადგენლობით საერთო კრებაზე აირჩიეს ახალი თავმჯდომარე ბატონი პეტრე მამრაძე.

კავშირი ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, 1961 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 1879 წლიდან მოყოლებული მისმა საქმიანობამ დასაბამი მისცა ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შემდგომ განვითარებას.

იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირი საქართველოს 52 რაიონში არსებობს და 45000 პედაგოგს აერთიანებს. გახსნილია იაკობ გოგებაშვილის სახელობის კაბინეტები, ტარდება კონკურსები მასწავლებელთათვის, დაწესებულია ჯილდოები, 4 ათეული წელია ორგანიზაციის მიერ გროვდება გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ნივთები და დოკუმენტური მასალა, შეგროვებულია უამრავი ფოტო, უნიკალური ლიტერატურა, პუბლიცისტური ნაშრომები, იაკობ გოგებაშვილის გენიოლოგიისა და მისი მემკვიდრეობის შესახებ მოპოვებულია მრავალი დოკუმენტური მასალა, გამზადებულია საცნობარო კართოტეკა და კატალოგები.

კავშირს დაგეგმილი აქვს სამცხე-ჯავახეთში ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, გოგებაშვილის სახელობის კლას-კაბინეტების გახსნა. იგეგმება ურთიერთობის დამყარება ფერეიდანსა და საინგილოში მცხოვრებ ქართველებთან, თბილისში გოგებაშვილის სახელობის მუზეუმის გახსნა, იაკობ გოგებაშვილის მედლისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება, ახალგაზრდა მეცნიერებთან თანამშრომლობა და ა. შ.
კრების დასასრულს დააჯილდოვეს კონკურსში: „გამარჯვებული პედაგოგი" დასახელებული პედაგოგები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი