საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სხდომა

27 იანვარს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართა სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სხდომა. დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

სხდომას კომისიის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უძღვებოდა. კომისიის წევრების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია (EUJUST THEMIS) დაეხმარა, მიზნად ისახავს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი