საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

გრძელდება პრემიერ-მინისტრის გეგმიური შეხვედრები რეგიონების ხელმძღვანელებთან

26 იანვარს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამცხე-ჯავახეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს გოგა ხაჩიძეს, რაიონების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს 2006 წელს რეგიონში ჩატარებულ სამუშაოებზე და პრემიერ-მინისტრთან შეათანხმეს 2007 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

ცენტრალური ბიუჯეტიდან წლეულს რეგიონისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხა 2.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ნიშანდობლივია, რომ რაიონებს იდენტური პრობლემები აქვთ: კერძოდ, ადიგენის რაიონში პრიორიტეტულია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია, დაგეგმილია ხუთამდე ხიდის შეკეთება, სოფელ ტყვისუბნის ელექტროფიცირება (სოფელს 14 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება), ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება; ასპინძის რაიონში მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემა, გამრიცხველიანდება დაბა ასპინძა; ახალქალაქის რაიონში ჩატარდება მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები, დაგეგმილია ქალაქის წყლით უზრუნველყოფის სამუშაოების დასრულება; ბორჯომის რაიონში დაიწყება რამდენიმე სანატორიუმის სარემონტო სამუშაოები, პრიორიტეტად რჩება ქალაქის კეთილმოწყობა და სისუფთავის დაცვა; ნინოწმინდის რაიონში დაგეგმილია სასმელი წყლის (15 კმ. სიგრძის) და კანალიზაციის (4 კმ. სიგრძის) სისტემების რეაბილიტაცია.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა თითოეული გამგებლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა. - ,,მინდა გაითვალისწინოთ მხოლოდ და მხოლოდ ის პრიორიტეტები და პარამეტრები, რომლებიც შეთანხემებულია ფინანსთა სამინისტროსთან. რეგიონში კვლავაც იქნება უფრო მეტი დინამიკა ინვესტიციების გამო." ზურაბ ნოღაიდელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალქალაქზე და აღნიშნა: ,,ახალქალაქში არის დიდი ფინანსური რესურსი და ახალქალაქი უნდა ამუშავდეს, როგორც საკურორტო ზონა".

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი