საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

გრძელდება პრემიერ-მინისტრის შეხვედრები რეგიონების ხელმძღვანელებთან

29 იანვარს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ოთარ სირაძეს, რაიონების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2006 წელს რეგიონში ჩატარებული სამუშაოები და პრემიერ-მინისტრთან შეათანხმეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონისთვის გამოყოფილია 1,150 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრიორიტეტულია შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება. მთავარ ამოცანას აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს, რაც ბევრად უფრო მიმზიდველსა და კომფორტულს გახდის მხარეს დამსვენებელთათვის. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსების) შეძენა.

ამბროლაურის რაიონში იგეგმება წყალსადენის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების შეღებვა, სახურავების შეკეთება, სკვერების და სტადიონების კეთილმოწყობა. ონის რაიონში, საკუთრივ ონში, მოწესრიგდება კანალიზაციის სისტემა, გარემონტდება შიდა გზები, უწერაში ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაიწმინდება სანიაღვრე არხები, შეკეთდება მიწისძვრის შედეგად დაზიანებული 5 სართულიანი კორპუსი; ცაგერის რაიონში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია (2,090 კმ. სიგრძის), პრიორიტეტულია ცაგერის წყლით მომარაგების უზრუნველყოფა (ამჟამად ქალაქის მხოლოდ 10% მარაგდება შეუფერხებლად სასმელი წყლით); ლენტეხის რაიონში მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემა, ჩასატარებელია გზების სარემონტო სამუშაოები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი