საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს აგრძელებს

30 იანვარს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში მიხეილ სვიმონიშვილს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. განიხილეს 2006 წელს რეგიონში შესრულებული სამუშაოები და პრემიერ-მინისტრთან შეათანხმეს 2007 წლის განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

მხარის რწმუნებულთან ერთად სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა 2007 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, დეტალურად განიხილეს როგორც ადგილობრივი საბიუჯეტო თანხების, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის სქემა. რეგიონისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წლეულს 1,2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

2007 წელს გურიის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი: ოზურგეთში დაიგება გზები, გაგრძელდება რაიონის გაზიფიცირება, საბოლოოდ მოგვარდება წყლით მომარაგების საკითხი, გადაიხურება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, აშენდება ახალი სპორტული დარბაზი და შეიქმნება ახალგაზრდული ცენტრი; ლანჩხუთში მოხდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, გადაიჭრება კომუნალური პრობლემები, კერძოდ კი, შეიძენენ ნაგვის მანქანას და მოეწყობა ნაგავსაყრელი, განხორციელდება რაიონის გაზიფიცირება, დაგეგმილია ავტობუსების შეძენა; ჩოხატაურში შეკეთდება შიდა გზები, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, დასრულდება გაზიფიკაცია. ბახმაროში დაგეგმილია წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა, რაც ხელს შეუწყობს ბახმაროში ტურიზმის განვითარებას.
პრემიერ-მინისტრმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა ეფექტიანად დახარჯონ თანხები და დროულად დაიწყონ სამუშაოები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი