საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი რეგიონალური მნიშვნელობის ლაბორატორიების გახსნას დაესწრო

დღეს, 30 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური (დნმ კვლევის), ზოგადი ქიმიისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის, თმის ანალიზის მეშვეობით ნარკოტიკების მიღების კვლევისა და ავტოტექნიკური ლაბორატორიების გახსნას დაესწრო.
რეგიონში უნიკალური ბიოლოგიური ექსპერტიზის დნმ კვლევის ლაბორატორიის გახსნა საქართველოს კრიმინალისტიკის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპია. უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციით მოწყობილ ლაბორატორიაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური რეაქტივების მეშვეობით ნებისმიერი ბიომასალიდან გამოიყოფა დნმ, რომელიც გენეტიკური პროფილის დასადგენად რამდენიმე საათში იძლევა ამომწურავ ინფორმაციას. ეს სიახლე საქართველოს კრიმინალისტიკის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან შემთხვევის ადგილიდან აღებული საკვლევი ნიმუშის ეჭვმიტანილის დნმ-თან იდენტიფიკაცია უკვე კატეგორიულ შედეგს იძლევა და აღარ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზებს.

ლაბორატორიების დათვალიერების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ლაბორატორიები ქართველ სამართალდამცველებს საშუალებას მისცემს უკეთ გამოიძიონ დანაშაული და წარმატებით წარმართონ სასამართლო პროცესი. - ,,ამ ლაბორატორიების გახსნა უშუალოდ უკავშირდება სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიას და მის განხორციელებას. წინასწარი გამოძიება, სასამრთლო გადაწყვეტილებათა მიუკერძოებლობა და ობიექტურობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმ საექპერტო კვლევებზე, რომლებიც ამ ლაბორატორიებში უნდა ჩატარდეს" - განაცხადა პრემიერ-მინტრმა.

დასასრულ, ლაბორატორიების მოწყობასა და აღჭურვაში გაწეული დახმარებისათვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი