საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

გრძელდება პრემიერ-მინისტრის შეხვედრები რეგიონების ხელმძღვანელებთან

31 იანვარს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში აკაკი ბობოხიძეს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს 2006 წელს რეგიონში შესრულებულ სამუშაოებზე და პრემიერ-მინისტრთან შეათანხმეს 2007 წლის განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, მხარის რწმუნებულთან ერთად, წარმოადგინეს 2007 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, დეტალურად განიხილეს როგორც ადგილობრივი საბიუჯეტო თანხების, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის სქემა. რეგიონისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წლეულს 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.

წელს იმერეთში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი: ქუთაისში დაიგება გზები, მოხდება საჯარო სკოლების გაზიფიცირება, გადაიხურება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მოგვარდება ლიფტების და გარე განათების პრობლემები, მოწესრიგდება კანალიზაციის სისტემა; ჭიათურაში შეკეთდება ქალაქის 13 ქუჩა, მოხდება სანიაღვრე არხების, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია, გადაიხურება მიწისძვრით დაზიანებული სახლები, შეიქმნება დასასვენებელი პარკი; ტყიბულში გადაიჭრება მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემა და მოწესრიგდება კანალიზაციის სისტემა, მოხდება რაიონის გაზიფიცირება და საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა; წყალტუბოში დაგეგმილია კერძო ინვესტიციების მოზიდვა, 2 ახალი სანატორიუმის და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ტურიზმის განვითარებას; ბაღდათში იგეგმება სპორტდარბაზის მშენებლობა, ხიდების შეკეთება და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება; ვანში შეკეთდება შიდა სასოფლო გზები, აღდგება ხიდები და მოხდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ზესტაფონში შეკეთდება სასოფლო გზები, გადაიჭრება წყალმომარაგებისა და კომუნალური პრობლემები, გადაიხურება კორპუსები და დამონტაჟდება გარე განათება; თერჯოლაში მოხდება გზების რეაბილიტაცია, იგეგმება სპორტდარბაზის მშენებლობა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია; სამტრედიაში იგეგმება გზების შეკეთება, მოხდება ქალაქის ნაწილის გაზიფიცირება, მდინარე ცხენისწყალზე ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები; საჩხერეში, მაღალმთიან სოფლებში, შეკეთდება გზები, დასრულდება გაზიფიკაცია, მოწესრიგდება ქალაქის კომუნალური მომსახურება; ხარაგაულში დაგეგმილია გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, კანალიზაციის ქსელის მოწესრიგება, ნაგავსაყრელის მოწყობა; ხონში მოხდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, იგეგმება სამხედრო ბაზის მშენებლობა.

დასასრულ, პრემიერ-მინისტრმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა კარგად შეისწავლონ არსებული პრობლემები, ეფექტიანად დახარჯონ თანხები და დროულად მოაგვარონ მნიშვნელოვანი პრობლემები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი