საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

2007 წლის 2 თებერვალს საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის სამთავრობო დელეგაცია ეწვია ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონი გედიმინას კირკილასის ხელმძღვანელობით. დელეგაციას საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უმასპინძლა.

ოფიციალური შეხვედრები სასტუმრო ,,Tbilisi Marriott"-ში, ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს შორის შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დინამიკური განვითარება. საუბარი შეეხო აგრეთვე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ბატონმა კირკილასმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესში ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მოგვიანებით, მთავრობის კანცელარიაში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გედიმინას კირკილასის შეხვედრა. ისაუბრეს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებზე: საქართველოს ნატოში გაწევრებასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. აღინიშნა, რომ შარშან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირისა და ევროპის სამეზობლო პროგრამის მოქმედებათა გეგმას. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით: ,,ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელშიც ჩვენ დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს" შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც. წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა ვაჭრობა ქვეყნებს შორის. ვიზიტი ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდას.

თავის მხრივ, ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ,,ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებაზე... ჩვენს ქვეყანას დაევალა ავღანეთში, მაღალმთიან პროვინციაში, სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების მისია. მოგეხსენებათ, ამ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მივიწვიეთ საქართველოს სამხედრო ძალები. საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა და იმედი გვაქვს, რომ ქართველი სამხედროები გაგვიზიარებენ მაღალმთიან რეგიონში მუშაობის გამოცდილებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას, და იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება".

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს ენერგოუსაფრთხოების საკითხები, იმსჯელეს ორი ქვეყნისთვის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განხილულ ახალ ინიციატივებსა და პროექტებს შორის აღსანიშნავია ერთობლივი ბიზნესსაბჭოს შექმნის იდეა და ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესაძლო მონაწილეობა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ლიტვა წარმატებული ქვეყნის მაგალითია, რომელმაც მოკლე დროში სერიოზულ პროგრესს მიაღწია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ლიტვის გამოცდილების გაზიარება. ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ შეცდომები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პროცესს შეაფერხებს". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ,,საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იქმნება, რომლის ფუნდამენტი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებია".

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გედიმინას კირკილასმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან. აგრეთვე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი