საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია დონორთა წინაშე

8 თებერვალს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დონორ ორგანიზაციებს წარუდგინა პროექტი: ,,100 ახალი საავადმყოფო საქართველოში". ამასთან დაკავშირებით მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: ,,სამედიცინო საზოგადოებას ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ჯანდაცვის ერთ-ერთი ნაწილის - ჰოსპიტალების რესტრუქტურიზაციის გეგმა. დღეს იგივე გავაცანით დონორ ორგანიზაციებს, უახლოეს მომავალში კი მას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს წარვუდგენთ, იმისათვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, მოხდეს ამ გეგმის რეალიზაცია. დღევანდელ შეხვედრას ფორმალურად ერქვა დონორთა შეხვედრა. ეს გეგმა თავიდან ბოლომდე დაფინანსდება იმ ინვესტორების მიერ, რომლებიც ამ გეგმის განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას. 2009 წლისთვის საქართველოს ექნება 100 ახალი თანამედროვე საავადმყოფო, 2 წლის შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე სამედიცინო სერვისები. ჰოსპიტალურ სექტორში დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, პირველადი ჯანდაცვის სექტორში - 100 მილიონის, უძრავ ქონებაში კი - 500 მილიონი დოლარის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი