საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

8 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვასილ მაღლაფერიძეს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს.

შეხვედრაზე განიხილეს 2006 წელს რეგიონში შესრულებული სამუშაოები და შეათანხმეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები, ილაპარაკეს ადგილობრივი საბიუჯეტო თანხებისა და ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა გადანაწილებაზე. 2007 წელს რეგიონისთვის გამოსაყოფი თანხა 1,2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრიორიტეტულად მხარის გაზიფიცირება, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და გზების შეკეთება განისაზღვრა: ახალგორის მუნიციპალიტეტში მოხდება წყალსადენის რეაბილიტაცია; დუშეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება გაზის ამორტიზებული სისტემის სრული რეაბილიტაცია; თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა წყალსადენის სათავე ნაგებობები, აღადგენენ 2004 წელს სტიქიის შედეგად დანგრეულ სოფლებთან დამაკავშირებელ ხიდს; დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება, მოწესრიგდება წყალმომარაგების სისტემა და შესრულდება გზების აღდგენითი სამუშაოები.

დასასრულ პრემიერ-მინისტრმა მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა დანიშნულებისამებრ გაანაწილონ მიმდინარე წლის ფინანსური რესურსები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი