საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საბაჟო ტერმინალ ,,ოპიზას” ეწვია

22 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი საბაჟო ტერმინალ ,,ოპიზაში" იმყოფებოდა, სადაც ტერმინალის ხელმძღვანელობას შეხვდა. ისაუბრეს განბაჟების პროცედურების გამარტივების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საბაჟოზე ინსტიტუციონალური კორუფციის მოსპობა ზურაბ ანთელიძის დამსახურებაც იყო და ამისათვის მას მადლობა გადაუხადა. - ,,ამჯერად ჩვენს წინაშე არის ახალი ამოცანები. კერძოდ, 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც შარშან მივიღეთ. ეს კოდექსი ითვალისწინებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს. მალე ყველა ფისკალური სამსახური გაერთიანდება და მაშინ დაინიშნება ახალი უფროსიც," - თქვა ზურაბ ნოღაიდელმა.

საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ ანთელიძის გათავისუფლების შემდეგ დროებით ლევან ჯღარკავა ხელმძღვანელობს, ხოლო საბაჟო ტერმინალს - მიხეილ ორჯონიკიძე. როგორც ორჯონიკიძე განმარტავს, პრეზიდენტის მითითების შემდეგ, დაეჩქარებინათ მომსახურება, ტერმინალ ,,ოპიზაში" 75 ავტომანქანის განბაჟება მოხერხდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი