საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საერთაშორისო ფორუმი INVEST IN GEORGIAN BANKING

1 ივნისს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში გაიხსნა საერთაშორისო ფორუმი INVEST IN GEORGIAN BANKING. ფორუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით და ეროვნული ბანკის თანაორგანიზატორობით მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს და უცხოეთის წამყვანი ბანკების წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთა: „დღევანდელი შეხვედრა ორიენტირებულია საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ ბანკებზე. აქ იმყოფება 20 საერთაშორისო ბანკის წარმომადგენელი. ვიმედოვნებთ, ისინი დაინტერესდებიან საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორით - საბანკო სექტორით და განახორციელებენ ინვესტიციებს ამ სფეროში. შარშან ჩვენ საკმაოდ სერიოზული შედეგები გვქონდა: საქართველოს საბანკო სექტორში 2 საერთაშორისო ბანკი შემოვიდა, აგრეთვე ,,საქართველოს ბანკი" გავიდა ლონდონის ბირჟაზე.

დღევანდელ ფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმატებულობა. მოსალოდნელი 700 მილიონი დოლარის ინვესტირება, ეს არის საქართველოში უკვე შემოსული ბანკების დამატებითი ინვესტიციები უცხოეთიდან. საქართველოში სხვა ბანკების შემოსვლაც იგეგმება. ბუნებრივია, ჩვენ ვიცით ეს ბანკები და აქტიურად ვმუშაობთ მათთან".


ზურაბ ნოღაიდელი გამოეხმაურა ე. წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული პრეზი-დენტის ედუარდ კოკოითის ულტიმატუმს - დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის გათავისუფლების შესახებ - და განაცხადა: ,,ედუარდ კოკოითს დიდი ხანია უნდა ესწავლა ჭკუა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ულტიმატუმების ენით ლაპარაკი შეუძლებელია. რაც შეეხება რეგიონის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხს, ჩვენ მას აუცილებლად მოვაგვარებთ და მოსახლეობას არ მივატოვებთ რთულ ვითარებაში."


პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეეხო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრების თემას. რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებული კონსულტაციები თბილისში გუშინ გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, რუსეთისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ საქართველო 2004 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერდა მის ამ ორგანიზაციაში გაწევრებას: ,,ჩვენ მოვითხოვთ 2004 წლის ორმხრივი შეთანხმების, ანუ იმ ვალდებულებების შესრულებას რომელიც რუსეთმა იკისრა, კერძოდ, საბაჟო დარეგულირებისა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა. საქმე ეხება ,,განთიადი-ადლერისა" და ,,როკი-ქვემო ზარამაგის" საბაჟო პუნქტების არალეგალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, რუსეთის წარმომადგენლის მიერ გუშინ გაჟღერებული პოზიცია, რომ რუსეთი შეთანხმებას შეასრულებს მხოლოდ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრების შემდეგ, ჩვენთვის მიუღებელია. შეთანხმებაში მკაფიოდ არის ჩაწერილი, რომ მისი შესრულება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრებამდე უნდა დაწყებულიყო. ამიტომაც ჩვენი პოზიცია რუსეთისთვის მოულოდნელი არ იქნება. ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვართ ერთსა და იმავე პოზიციაზე და ის დღესაც არ შეცვლილა. შესაბამისად, ამან არ უნდა გამოიწვიოს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი