საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ

18 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ლომაიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემაჯამებელ ბრიფინგში: ,,ერთიანი ეროვნული გამოცდები - 2007."

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა და წარმატებული უწოდა 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მისი თქმით, დასრულდა გამოცდების ყველზე რთული და საპასუხისმგებლო ნაწილი. წლევანდელმა გამოცდებმა დაადასტურა, რომ შეიქმნა მდგრადი და ეფექტიანი საგამოცდო სისტემა, რომელიც თითოეული აბიტურიენტისათვის ოპტიმალურ, კეთილგანწყობილ და მშვიდ გარემოს ქმნის ცოდნის გამოსავლენად, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა აბიტურიენტს და ზუსტად აფასებს მათი მომზადების დონეს.

ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ამ სისტემამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი სამარცხვინო სენს, რომელიც მისაღები გამოცდების დროს გზას უღობავდა ათასობით ნიჭიერ ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ჰყავდათ გავლენიანი ნაცნობი, ან არ ჰქონდათ სახსრები მიმღები კომისიის არაკეთილსინდისიერი წევრებისთვის ქრთამის მისაცემად. ,,რამდენიმე წლის წინათ ჩატარებული კვლევების თანახმად, აბიტურიენტთა მხოლოდ 15-20% ახერხებდა თავისი ცოდნით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას. დღეს კი ჩვენი სტუდენტების ასივე პროცენტმა ეს საპატიო წოდება მხოლოდ საკუთარი ცოდნით, მომზადებითა და შრომით მოიპოვა. მნიშვნელოვანია ნაშრომების გასწორებისა და შეფასების სრული გამჭვირვალობა. ყველა ნაშრომი განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე http://www.naec.ge/ და თითოეულ აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება აპელაციამდე ნახოს თავისი ნაშრომი. გამჭვირვალობა აბიტურიენტთა რეგისტრაციიდან მათ ჩარიცხვამდე - ამ სისტემის განუყოფელი, ორგანული ნაწილია. ამ ფაქტორთა გამო ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველა გამოკითხვით, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით, საზოგადოების აბსოლუტური ნდობით სარგებლობს, რაც ამ სისტემის წარმატების დამადასტურებელი მნიშვნელოვანი ინდიკატორია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა, აგრეთვე დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც საუკეთესო სტუდენტთა დაფინანსებას ითვალისწინებს. იგი ხელს შეუწყობს სახელმწიფო თანხების დამსახურებაზე დაფუძნებულ სამართლიან განაწილებას, ჯანსაღ კონკურენციას უმაღლეს სასწავლებლებს შორის და სწავლების ხარისხის ამაღლებას. ,,მნიშვნელოვანია ბანკების სასესხო პროგრამები, რომელიც კვლავაც ფართოვდება, უმჯობესდება კრედიტების პირობები, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის უმაღლეს განათლებას", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა (39278) მონაწილეობდა.

,,ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატების მიღწევა ჩვენი ახალგაზრდების დიდი უმრავლესობისათვის პირველი სერიოზული, დამოუკიდებლად მიღწეული გამარჯვებაა. გამოცდების წარმატებით ჩაბარება ახალგაზრდებს არწმუნებს, რომ მხოლოდ საკუთარი ცოდნის და უნარების დახმარებითა არის შესაძლებელი საზოგადოებაში წარმატების მიღწევა. ობიექტური და მიუკერძოებული გამოცდები განათლების რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მისი მიზანია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა. ყველა სეგმენტში უმჯობესდება ინფრასტუქტურა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, განათლების შინაარსი, იზრდება დაფინანსება როგორც ზოგად, ისე სახელობო და უმაღლეს განათლებაში. 2010 წლისათვის დავასრულებთ საშუალო განათლების ყველა ობიექტის რეკონსტრუქციასა და რემონტს, საქართველოში აშენდება მრავალი ახალი სკოლა. ეს ეხება არა მხოლოდ საშუალო განათლების ობიექტებს, არამედ, ბუნებრივია, უმაღლესი განათლებისა და მეცნირების ობიექტებსაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დასასრულ, ზურაბ ნოღაიდელმა მადლობა მოახსენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას, სამინისტროს მთელ კოლექტივს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის, შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების თანამშრომლებს, სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აგრეთვე, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებულად წარმართვისათვის.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი