საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის სხდომა

24 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა კომისიის სხდომა, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე იმუშავებს.

კომისიის წევრთა შორის საქართველოს მთავრობიდან არიან: სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი. კომისიის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენლები კონფლიქტის ზონიდან.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა კომისიის წევრებს, აგრეთვე, დროებითი ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს: ,,ჩვენ დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. ამ კომისიის მუშაობით ვდგამთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ მიმართულ კიდევ ერთ ნაბიჯს. კომისიის კარი ღიაა ცხინვალის რეგიონის ყველა წარმომადგენლისათვის. ჩვენ მივმართეთ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. მინდა ვთხოვო დავით ბაქრაძეს, რომ ეს საკითხი დააყენოს უახლოესი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე. ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, რათა რეგიონის ყველა მოქალაქემ შეძლოს მშვიდობიანად თანაცხოვრება და თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა. მინდა, აგრეთვე, ვთხოვო საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, რომ მივმართოთ რუსეთის მთავრობას, ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ კომისიაში სამუშაოდ მოავლინონ თავიანთი წარმომადგენლები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, ამ კომისიის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც აღელვებს რეგიონის მომავალი და ვისაც სურს ამ რეგიონში მშვიდობის დამყარება: ,,ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხით შევეცადეთ სათანამშრომლოდ მოგვეწვია ცხინვალის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სპეციალური თხოვნით მივმართეთ ერთობლივი საკონსულტაციო კომისიის სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს. წერილში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია რეგიონის მომავლის განსაზღვრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, და ვთხოვეთ ამ კომისიაში სამუშაოდ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს არ შექმნოდათ დაბრკოლებები. ჯერჯერობით გამოხმაურება არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ანგარიშით, რეგიონის, ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები მოახერხებენ ამ კომისიაში მუშაობის მიღებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამართლებრივ-კონსტიტუციური, ეკონომიკურ-ქონებრივი, ფინანსური, კულტურული და განათლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, რომელთა საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძეს. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა დაკომპლექტდება უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კომისიის მომდევნო სხდომა გაიმართება 28 ივლისს სოფელ ქურთაში. ჯგუფები ინტენსიურად იმუშავებენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსის განსაზღვრისათვის ძირითადი ფუძემდებელი დოკუმენტების ჩამოსაყალიბებლად და, შესაბამისად, ამით ეს სამუშაო პროცესი აქტიურად დაიწყება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი