საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა

25 ივლისს ყვარლის რაიონში, გრემის მონასტერთან, გაიმართა საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა. სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღის წესრიგში შეტანილი იყო 4 საკითხი, მათ შორის - ასი აგროსამრეწველოს საწარმოს გახსნის პროგრამის პრეზენტაცია.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარმოადგინა: ,,ამ პროგრამის განხორციელებით ჩვენი მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში საწარმოების შექმნისა და ექსპორტის ხელშეწყობა, ასევე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გეგმა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტიპის ნაკვეთები ინვესტორებს გადაეცემათ კონკრეტული საწარმოს შექმნის ვალდებულებით. ახალი საწარმოების შექმნისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით სახელმწიფო განავითარებს საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურას.

პირობები
პირობები საკმაოდ მარტივია. საწყის ეტაპზე შეირჩევა ასამდე მიწის ლოტი და დაიწყება ინვესტორების კონკურენტული შერჩევა. თითოეული მიწის ლოტი იქნება დაახლოებით 400-500 ჰექტარი, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს რამდენიმე ნაკვეთისგანაც. წარმოდგენილია გამარჯვებულთა შერჩევის ძალიან მარტივი კრიტერიუმები - ბიზნესპროექტი და მაქსიმალური თანხის გადახდა.
სტანდარტულ შემთხვევაში საწარმო უნდა შეიქმნას ერთი წლის განმავლობაში. საწარმოში ინვესტირების დამატებითი სტიმულირების მიზნით ინვესტორი გადაიხდის მისი საბაზრო ღირებულების მხოლოდ 20%-ს. ეს არის ამ ახალი წინადადების მთავარი ელემენტი. ყველა შემთხვევაში საინვესტიციო პირობები უნდა იყოს მარტივად გაზომვადი და პროგნოზირებადი დასაქმებულთა რაოდენობით, გადამუშავებული ნედლეულის მოცულობითა და სხვა მაჩვენებლით. ,,პრეზიდენტის დავალებით შესაბამისი კანონპროექტები შემუშავებულია და, ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან სერიოზული ინვესტიცია და სიახლე საქართველოს აგროსამრეწველო სექტორისათვის. ეს პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას ასი ახალი აგროსამრეწველო საწარმო და ხელი შეუწყოს ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებას", - თქვა ზურაბ ნოღაიდელმა.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: ,,ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამმუშავებელი ასი ახალი საწარმო შეიქმნება. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი გათვლებით, რამდენიმე ათეული და, შესაძლოა, ასი ათასი ქართველი დავასაქმოთ. თითოეული საწარმო, სადაც მინიმუმ 200 კაცი იმუშავებს, რამდენიმე ათას კაცს ასაქმებს მიწოდების სფეროში. თუ ისეთივე მონდომებით და სქემით ვიმუშავებთ, როგორც რადიკალური რეფორმების მხრივ ვიმუშავეთ, დამატებით მინიმუმ ასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეგვიძლია სოფლის მეურნეობის სფეროში. დღეს მთავარია, რომ მიწის სანაცვლოდ ახალი სამუშაო ადგილები მივიღოთ. პრივატიზაციის ახალ ეტაპზე კარგი საინვესტიციო პროგრამები გვჭირდება, რათა შევძლოთ ფულის მოზიდვა არა მარტო ინფრასტრუქტურის, განათლების სისტემის, შეიარაღებული ძალებისა და სხვა სფეროების განსავითარებლად, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც. ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ მიწის შეძენის ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მეწარმე გადაიხდის მიწის ღირებულების მხოლოდ 20 პროცენტს, თანაც იმ პირობით, რომ იგი ერთ წელიწადში, ან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ახალ გადამმუშავებელ საწარმოს აამუშავებს, ხოლო მის მიერ შეძენილი მიწის ღირებულების 80 პროცენტი დარჩება მეწარმეს საკუთარი მიზნების მისაღწევად და მოგების გასაზრდელად".
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ პროგრამის ამოქმედების პირველივე წელს 30-40 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ ამ მეწარმეებს წარმოების შემდგომი განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და ამ ადამიანების წარმატებული მუშაობისთვის საქართველოს სახელმწიფო ამ სექტორში სამი წლის განმავლობაში დამატებით 600-700 მილიონ ლარს დააბანდებს.
- ,,უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლად და ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდება სოფლის მცხოვრებთა დასაქმება. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მიწა და ამუშავებდეს მას, მაგრამ თუ ის ეკონომიკურ ბრუნვაში არ მონაწილეობს, დასაქმებულად ვერ ჩაითვლება. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ხალხის კვალიფიციური დასაქმება. შარშან დასაქმების ახალი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის წყალობითაც ხელახალი მომზადება გაიარა 50 ათასმა კაცმა, ხოლო მათგან 10 ათასმა მუდმივი სამუშაო მოიპოვა. დღესდღეობით კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია და ახლად გახსნილი სპეციალური სასწავლებლები ამ პრობლემის მოგვარებას დიდად შეუწყობს ხელს. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია სპეციალისტების კვალიფიკაციის დონესთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო რეფორმატორებს შორის საქართველო წამყვან ადგილს შეინარჩუნებს. ამას გარდა, მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის ბოლომდე ყველა ძირითადი მაგისტრალი და თითოეულ რაიონულ ცენტრამდე მისასვლელი გზა საუკეთესო უნდა იყოს. ამის შესაბამისი პროგრამა საქართველოს მთავრობას აქვს კიდეც.
პრეზიდენტის განცხადებით, სოფლად წარმოების განვითარების დამაბრკოლებელი ერთადერთი პრობლემა ელექტროენერგიის დეფიციტი იყო და ბევრი გადამმუშავებელი საწარმო გენერატორებით მუშაობდა. ასე კი წარმოების განვითარება წარმოუდგენელი იყო. - ,,ენერგოკრიზისი, პრაქტიკულად, გადავლახეთ. წელს უკვე მომარაგების რამდენიმე საიმედო წყარო გვაქვს. ამჯერად საქართველოს გაზმომარაგება სრულად ხდება აზერბაიჯანიდან. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ელექტროენერგიის ექსპორტს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაშიც. ამ მხრივ ზამთარშიც არ ველით გართულებას და ხალხი მშვიდად უნდა იყოს. ჩვენ ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, შეუზღუდავად შევძლებთ ყველა გადამმუშავებელი საწარმოს მომარაგებას. ელექტროენერგიის ტარიფი ყველაზე დაბალია რეგიონებში და შეღავათები სოფლის მეურნეობის დარგზეც განვავრცეთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მოწოდება და გადამმუშავებელ საწარმოში ჩაბარება მთლიანად გავათავისუფლეთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მთლიანად გავათავისუფლეთ დაბეგვრისგან მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიების იმპორტი, რამაც შედეგი დაუყოვნებლივ მოგვცა - შარშან რამდენიმე გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა. ასევე შევინარჩუნეთ საბაჟო გადასახადები გარკვეულ პროდუქტებზე. სოფლის მეურნეობის დასაცავად ქვეყნის შიგნით გარდამავალ ეტაპზე ეს აუცილებელი ღონისძიება იყო. შედეგები ამ მხრივაც გვაქვს. ჩვენ უკვე კვერცხის ექსპორტს ვეწევით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2 წლის წინათ, როდესაც ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ, საქართველო თავისთვის საკმარი კვერცხის 30 პროცენტსაც არ აწარმოებდა, ხოლო დღესდღეობით საქართველოდან თვეში 20 ათასი ყუთი კვერცხი ექსპორტზე გადის, რაც წელიწადში მილიონ 800 ათას ლარს გვაძლევს. ეს კარგი დასაწყისია იმ წარმოებისათვის, რომელიც რამდემინე წლის წინათ მთლიანად ჩავარდნილი იყო. ასევე ვეწევით ცხვრის ხორცის ექსპორტს. ამ პროდუქციაზე არაბულ ქვეყნებში გაჩნდა ბაზარი და, შესაბამისად, ცხვრის ხორცის ექსპორტიც გაიზრდება. ასე რომ, რეალურად, ქართული პროდუქციით არა მარტო შიდა ბაზრის დაკმაყოფილების პოტენციალი გვაქვს, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებისაც. ახლა უპირველესი ამოცანა არის ექსპორტის განვითარება, მით უმეტეს, რომ რუსეთის ემბარგოს პირველი შოკის გადატანის შემდეგ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 12 ახალ ბაზარზე გადის. თუმცა გასაკეთებელი ბევრად მეტია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, წელს ეკონომიკური ზრდა 12-15 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი, ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობის მუშაობა წლის მეორე ნახევარში. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალზე კარგი შედეგია, თუმცა აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობისა და სწორი პოლიტიკის შედეგად ის მთელ ეკონომიკაზე თანაბრად გადანაწილდეს.
მიხეილ სააკაშვილმა ქართული ღვინის ხარისხსა და მისი გასაღების გზებზე ილაპარაკა. მას მიაჩნია, რომ ღვინის რამდენიმე მწარმოებელმა საკმაოდ კარგად აუღო ალღო ბაზრის მოთხოვნებს და კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებს. რაც, მისი აზრით, საკმაოდ მაღალ კონკურენტულ გარემოში მეტად მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტმა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს საკმაოდ კარგ შესაძლებლობას აძლევს - აღნიშნული პროდუქცია უფრო მეტი რაოდენობით შევიტანოთ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. თუმცა, მისი თქმით, საამისოდ მომზადება, ხელშეწყობა და სიჩქარეა საჭირო.
სხდომაზე მიხელ სააკაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ გია ხევიაშვილთან დაკავშირებული თემითაც დაინტერესდა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის განმარტების (ჯანდაცვის სამინისტროს გია ხევიაშვილის მკურნალობისთვის თანხა არ გადაურიცხავს) შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა: ,,საზოგადოებას ყველაფერი კარგად უნდა განვუმარტოთ, რათა ყველა კითხვა მოიხსნას. არ მინდა ვთქვა, რომ მთავრობის წევრებს არ უნდა ვუმკურნალოთ. მთელ რიგ უწყებებს დაზღვევის პრაქტიკა უკვე აქვს. საქართველოში, როგორც უმწეოთა დაზღვევაა, რომელიც საკმაოდ კარგად ამოქმედდა, ასევე უნდა იყოს დაზღვეული მთავრობის თითოეული წევრი, თუმცა საკუთარი სახსრებით - სადაზღვევო თანხას ყველა საკუთარი ხელფასიდან უნდა იხდიდეს. თუ სადაზღვევო პოლისი სამკურნალო თანხას სრულად ვერ ფარავს, ფული თქვენივე ჯიბიდან გადაიხადეთ. სახელმწიფო საკმაოდ კარგ ხელფასს გაძლევთ, სხვა ბევრი კარგი პირობა გაქვთ იმისათვის, რომ იმუშაოთ პატიოსნად, იყოთ არაკორუმპირებულები და სახელმწიფოს ზედმეტი არაფერი არ გამოართვათ. დამატებით შენახვის ფული ქვეყანას არა აქვს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გაფრთხილება და კარგი რჩევაა. მომავალში ყველა კითხვას პასუხი ოპერატიულად, გადადებისა და ორაზროვნების გარეშე უნდა გაეცეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია".

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი