საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის სხდომა

28 ივლისს თამარაშენში გაიმართა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის სხდომა. სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

სხდომის დაწყებისას ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა კომისიის წევრებსა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ამ კომისიის შექმნა და სხდომის სამხრეთ ოსეთში გამართვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წინ გადადგმული ნაბიჯია. კომისიაში თანამშრომლობისათვის მოწვეული არიან ოსეთის საზოგადოების, აგრეთვე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა მათი მხრიდან თანხმობა არ მიგვიღია.

ზურაბ ნოღაიდელმა დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს სთხოვა, აქტიურად ითანამშრომლოს ოსი ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. - „ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, მზად ვართ თანამშრომლობისათვის რეგიონის ნებისმიერ წარმომადგენელთან, ასევე, ოსებთან, რომლებიც არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და კომისია. საქართველოში ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის არსებული ჭრილობების მოშუშების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესი, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე მივიყვანთ. კომისიაში მონაწილეობის მიღება რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ, იმედი მაქვს, მათგან თანხმობას მივიღებთ. ჩვენი ძალისხმევა ერთდროულად ორი მიმართულებით უნდა მივმართოთ: ეს არის სტრატეგიული საკითხები - ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნა და მიმდინარე საკითხები, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს პერიოდში რეგიონში. დღეს რეგიონში აუცილებელია ფუნქციონირებადი ფინანსური სისტემა. უნდა შეიქმნას ხაზინა, ასევე რეგიონალური საგადასახადო სამსახური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი