საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამეგრელოს ესტუმრა

19 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამეგრელოში ჩავიდა. მან ქალაქ ფოთში დაათვალიერა მშენებარე სასტუმრო ,,მალთაყვა", შპს ,,ჯორჯიანფორესტი" (ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხანა), შპს ,,შავი ზღვის პროდუქტები" (მაცივარი და საკონსერვო ქარხანა). პრემიერ-მინისტრმა მოინახულა წყალსაცავის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ სრულად გადაწყდება ფოთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წყლით მომარაგების საკითხი.

- ,,კმაყოფილი ვარ სამეგრელოში მიმდინარე საინვესტიციო სამუშაოებით. აღსანიშნავია ხის გადამმუშავებელ კომბინატში განხორციელებული ინვესტიცია, სადაც საბოლოო ანგარიშით 500 ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება. ჩვენ მოვინახულეთ ის სათავე ნაგებობა, რომლითაც ფოთის წყალმომარაგების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელმა სენაკში მოინახულა ნოქალაქევი.

პრემიერ-მინისტრმა ხობში დაათვალიერა გიფსოკარდონის ქარხანა, აგრეთვე გაეცნო ქალაქში შენობების ფასადებისა და გადახურვის სამუშაოების მიმდინარეობას, ხობში შეხვდა ყულევის ტერმინალის წარმომადგენლებს. ყულევის ტერმინალი წლის ბოლოს გაიხსნება და დასრულდება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი.

ვიზიტის დასასრულს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში ჩავიდა. იგი გაეცნო შიდა რაიონული გზების (დარჩელი - განმუხური, ზუგდიდი - რუხის), ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი დადიანების სასახლეს ეწვია.

- ,,სამეგრელოს მონახულებისას ყურადღება გავამახვილე კერძო საწარმოებსა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. კმაყოფილი ვარ იმ დინამიკით, რაც ჩვენ გვაქვს სამეგრელოში. მინდა აღვნიშნო, რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, აუცილებლად შეიქმნება დროულად და ხარისხიანად", - განაცხადა სამეგრელოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი