საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე შიდა ქართლში

20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე შიდა ქართლში ჩავიდა. მას თან ახლდა სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი.
თავდაპირველად ვლადიმერ გურგენიძემ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში შპს ,,ხილის ექსპორტ-იმპორტი" და ვაშლის დამამზადებელი მაცივარი დაათვალიერა. ეს ამიერკავკასიაში ერთადერთი კომპანიაა, სადაც უახლესი ტიპის მაცივრებით ხილის შენახვა ერთი წლის მანძილზე არის შესაძლებელი. ამჟამად კომპანიას უკრაინასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ხუთი ათასი ტონა ვაშლის ექსპორტის თაობაზე. შემდეგ ვლადიმერ გურგენიძე აგარის ხილის გადამმუშავებელ ქარხანასა და შპს ,,ქართულ პროდუქტს" ეწვია და კომპანიების საწარმოო პროცესით დაინტერესდა. ქარელში მან კერძო ფერმერის ხეხილის ბაღები და სასაწყობო მეურნეობა, ასევე შპს ,,საქართველო" დაათვალიერა.

ვლადიმერ გურგენიძის შეფასებით, ხილის ჩაბარება, გადამუშავება და რეალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. - ,,გავეცანით, როგორ მიმდინარეობს რეგიონში ვაშლის მოსავლის აღება, ჩაბარება, გადამუშავება და გაყიდვა. წლეულს კარგი მოსავალი იყო. აქედან ორი მესამედი - 85 ათასი ტონა უკვე ჩაბარებულია, რაც ამ პერიოდისათვის ნორმალური მაჩვენებელია. ძალიან სასიამოვნოა, რომ გაჩნდა ალტერნატივები კონსოლიდატორების სახით. მათ სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ეხმარება. წელს კონსოლიდატორებისათვის გამოყოფილია 2,800 მილიონი ლარი, აქედან 800 000 ლარი - ლიახვის ხეობაში მომუშავე კონსოლიდატორებისათვის. ექსპორტის გეოგრაფია საკმაოდ ფართოა - პროდუქცია გადის უკრაინაში, ბელარუსში და ყაზახეთში. მისასალმებელია, რომ ვითარდება კონცენტრატების წარმოება, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას ვაშლზე და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქმნის ახალ ქართულ ბრენდს. აგარის კომბინატი კონცენტრატებიდან წვენების წარმოებაზეც გადადის. კიდევ 10-15 ასეთი კომბინატი და ვაშლის დეფიციტიც კი შეიძლება იყოს. არადა, არც ისეთი რთული და ძვირია თითო ასეთი საწარმოს აწყობა. იმედია, ის დღესაც მალე მოვა, როცა ამ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება და ახალი ვაშლის ბაღები გახდება საჭირო", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი