საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

უახლოეს მომავალში საქართველო ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოთა რიგს შეუერთდება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა. "საბაჟო გადასახადების შესახებ" კანონპროექტის მიხედვით მოქმედი საიმპორტო ტარიფების სისტემა 14%, 15%, 16%, 17%, 18%, 20%, 25%, 30%-იანი განაკვეთებით, კანონის ამოქმედებისთანავე 12%-მდე შემცირდება, საიმპორტო ტარიფი 6%, 7%, 8%, 10% - 5%-მდე დავა, ხოლო საიმპორტო ტარიფი 4% - 0%-ს გაუტოლდება.

2007 წლის 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადის განაკვეთი 12% - 5%-მდე შემცირდება. საბაჟო გადასახადის განაკვეთი 5% უცვლელი დარჩება.

2008 წლის 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადის განაკვეთი 5% - 0%-ს გაუტოლდება.
ახალი კანონპროექტის იდეა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა "რევოლუციური ნაბიჯი" უწოდა, ირაკლი ჩოგოვაძეს ქართველ ბიზნესწრეებთან რეგულარული შეხვედრების შემდეგ გაუჩნდა. პირისპირ საუბრებისას გამოიკვეთა ქართველ ბიზნესმენთა საერთო მოთხოვნა ტარიფების შემცირებაზე. მინისტრი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ საბაჟო განაკვეთების ლიბერალიზაცია რეალურად აისახება მოსახლეობის სოციალურ დონეზე, გაიაფდება ქვეყანაში წარმოებული და უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქცია, საქართველოში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. საბაჟო განაკვეთების მსგავსი სისტემა აპრობირებულია სინგაპურსა და ჰონგ-კონგში. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანათა რიგს შეუერთდება. საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის ამაღლებას. "უმნიშვნელოვანესია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების, რუსეთის, თურქეთის მეზობლობა სერიოზულ პერსპექტივებს უქმნის სახელმწიფოს. საქართველო არამხოლოდ ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ქვეყანაა, არამედ ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, სერვისების სახელმწიფოდ იქცევა, სადაც დარეგისტრირდებიან სხვადასხვა უცხოური კომპანიები, ააშენებენ ქარხნებს, გადაამუშავებენ ნედლულს, ამოქმედდება ასობით საწარმო, რადგან ტარიფების მოხსნა იაფი ნედლეულის პირობას ქმნის, რაც საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაიაფების ტოლფასია" - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი