საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

კონფლიქტის მოგვარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგფის სხდომა

შაბათს, 18 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გამართა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა. შეხვედრის მთავარ თემას ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია წარმოადგენდა.

სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებს შეხვედრის შედეგები გააცნო და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ქმედებების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაძაბულობის განმუხტვისა და სამშვიდობო პროცესის შემდგომი წინსვლის მიზნით ქართული მხარე აპირებს დაიწყოს სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ცალმხრივი განხორციელება. დაისახა პირველი რიგის ამოცანები, რომელთა შორისაა:

1. დიდი ლიახვის ხეობიდან ქართული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების გამოყვანა;

2. დიდი ლიახვის ხეობაში არსებული ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული სამხედრო პოლიციის 11-კაციანი კონტიგენტის ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში შეყვანა;

3. 2006 წლის 19 თებერვალს ქართული სამშვიდობო ბატალიონის როტაციის განხორციელება და 20 თებერვალს ბატალიონის პირადი შემადგენლობის შეთანხმება;

4. გამომდინარე იქედან, რომ გორის რაიონის 2/3 კონფლიქტის ზონას წარმოადგენს, გორის რაიონის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში შეყვანა;

5. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქართული სამშვიდობო ძალების როტაციის 3-თვეში ერთხელ განხორციელება და ბატალიონის ფაქტობრივი შემადგენლობის 330-კაცამდე გაზრდა;

6. ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული სანგრების ამოვსება;

7. ქართველი სამხედრო მოსამსახურეთათვის კონფლიქტის ზონაში შესვლის აკრძალვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვის და ქართული სამშვიდობო ძალების უფროს სამხედრო მეთაურთან შეთანხმების გარეშე. კონფლიქტის ზონაში შესული ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა სიის ეუთოს დამკვირვებელთა მისიისათვის გადაცემა;

8. პოლიციისა და ფინანსური პოლიციისათვის დავალების მიცემა, რათა დაუბრკოლებლივ გაატარონ ნებისმიერი რაოდენობის ტვირთი, რომელზეც იარსებებს მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართული მხარის მზადყოფნის შესახებ ითანამშრომლოს ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებასთან. კერძოდ მან განაცხადა, რომ შესაბამისი დავალება მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა განახორციელოს კოორდინაცია ცხინვალის რეგიონის შესაბამის სტრუქტურებთან და მოაწყოს შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის ცხინვალში ან თბილისში.

ზურაბ ნოღაიდელმა მოუწოდა კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულ მხარეებს მათი მხრივ შესაბამისი ნაბიჯების გატარებისაკენ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა გაკვირვება ვენაში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა წინასწარი შეთანხმება როგორც რუსეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირველესი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ყველა ღონეს ხმარობს.