საქართველოს მთავრობის განკარგულება №815
21 დეკემბერი, 2007
ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მ. მიმინოშვილი) გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში 2007 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის უზრუნველყოს იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის N131 დადგენილებით დაექვემდებარნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და რომლებიც 2007 წლის 1 აგვისტომდე ფინანსდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.
2. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის N131 დადგენილების შესაბამისად მიიღოს ზომები ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხთა გადასაწყვეტად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე