2008 წლის 1 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 17 საკითხი. დღის წესრიგი
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა დამსწრეთ. მან მიულოცა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ეს იყო ავანსი, რათა საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშაოს. შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, რომ ამჟამად მოხდა საქართველოს მთავრობის ფუნდამენტური განახლება, რასაც საფუძვლად დაედო პროფესიონალიზმი, გამოცდილება და არა მეგობრობის, პარტიულობის ან სხვა რაიმე ნიშანი. მთავრობის მიზანია გააგრძელოს ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც ბოლო წლებში განვითარდა საქართველოში და აღმოფხვრას ის ნაკლი, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, არის ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი ამოცანაა ავამუშაოთ გეგმა ,,საქართველო - სიღარიბის გარეშე" და პირველი შედეგები მივიღოთ 50 დღეში. ჩვენ არ ველით თქვენგან სიღარიბის აღმოფხვრას ამ დროის განმავლობაში. ეს არარეალური დაპირება იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს, საზოგადოებას, რომ ამ პერიოდში შეგვიძლია პირველი რეალური ნაბიჯების გადადგმა სიღარიბის დასაძლევად. ეს მრავალ საკითხს ეხება. ასეთებია მაგალითად, გაზაფხულზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის მზადება, რადგან სოფლის მეურნეობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ფუნდამენტია. გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ მზადება მოსავლის მისაღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც საწვავით უნდა დავეხმაროთ, სადღაც - გვარჯილით ან სხვა სასუქით. უნდა ავამუშაოთ მანქანა-ტრაქტორთა სადგურების ახალი სისტემა, რომელიც ეტაპობრივად უნდა გავაძლიეროთ. გარდა ამისა, არის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა სოფლების გაზიფიკაცია, სოფლებში გზების გაყვანა, ამბულატორიების მშენებლობა, სოფლების უზრუნველყოფა ექიმებით და ა.შ. ამ ამოცანების გადაწყვეტა ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს.
ასევე გაზაფხულზე უნდა მოვამზადოთ საფუძველი და გაზაფხულიდანვე დავიწყოთ პენსიების შემდგომი მატება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. სასიხარულოა, რომ დეკემბერ-იანვარში ფინანსთა სამინისტრომ გადაჭარბებით შეასრულა გადასახადების ამოღების გეგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად რთული საარჩევნო პერიოდისა და საქართველოში დესტაბილიზაციის გააფთრებული მცდელობისა, სახელმწიფო აპარატი გამართულად მუშაობს და ეს ტენდენცია შენარჩუნებულ უნდა იქნეს. ეს თანხები ძირითადად სოციალური მიზნებისათვის, კერძოდ პენსიების გასაზრდელად უნდა გამოვიყენოთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ სხვა სოციალური პროექტები.
ამავე დროს, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, მინდა ვთხოვო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს აუცილებლად, კიდევ ერთხელ დააზუსტოს სოციალურად დაუცველი ჩვენი თანამოქალაქეების სიები. ხშირად ვარ რეგიონებში და ვიცი, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ამ სიებში მართლა დაუცველი ხალხი საკმარისად არ არის წარმოდგენილი. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული, მაგრამ რაც გვაქვს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის დასახმარებლად უნდა მივმართოთ.
წარსულში ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ მთავრობის შემადგენლობის ხშირი ცვლილებების გამო. ეს მართლაც ასე იყო. მინდა მადლობა გადავუხადო წინა მთავრობათა ყველა წევრს, რაიმე სერიოზული შენიშვნა ან პიროვნული პრობლემა არავისთან გვქონია, მაგრამ განახლება მუდმივად საჭიროა. მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს ცვლილებები ხშირად ხდებოდა იმის გამო, რომ მთავრობის მუშაობის შედეგები არ იყო ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. მთავრობა, მინისტრები ორიენტირებული უნდა იყვნენ შედეგებზე. იქნება დადებითი შედეგი, გააგრძელებთ მუშაობას, არ იქნება შედეგი, ვერავინ შეინარჩუნებს თავის ადგილს და ამას ვერ უშველის მეგობრობა, ახლობლობა ან რაიმე სხვა ნიშანი.
ჩვენ ასევე გვინდა დამოუკიდებელი ადამიანებით დაკომპლექტებული მთავრობა. არ არსებობს სახელმწიფო მართვაში აბსოლუტური ჭეშმარიტება, მით უმეტეს, მას არ ფლობს არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი. მე ვაფასებ მთავრობის ისეთ წევრებს, რომელთაც შეუძლიათ კამათი, საკუთარი აზრის დაცვა და დამოუკიდებელი პოზიციის დაკავება, რა თქმა უნდა, როდესაც ეს დამოუკიდებელი პოზიცია ეფუძნება პატრიოტიზმს, საქმის ზუსტ ცოდნას და საკითხის სიღრმისეულ გააზრებას. ამ მხრივ ჩვენ კიდევ დიდი მუშაობა მოგვიწევს. ჩვენ გვჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ჩვენთან ერთად განიხილავს საკითხებს, შეიძლება დაგვეთანხმოს, შეიძლება არა, იკამათებს, დაასაბუთებს პოზიციებს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტას მიუდგება საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა რაიმე ლოიალური მიდგომით. ვფიქრობ, ზუსტად ასეთი ხალხი მოვიდა მთავრობაში. ეს იყო მთავრობის ამ შემადგენლობის შერჩევისა და დაკომპლექტების მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი; ვერ მოვითმენთ მინისტრებს, გამგებლებს, გუბერნატორებს, რომლებიც ადგილებზე არ არიან ნამყოფი და არ იცნობენ ელემენტარულ პრობლემებს. თქვენ არ ხართ კორპორაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ბირჟაზე თამაშობენ და ბირჟის მეშვეობით არკვევენ თავიანთი საქმის მართვას. თქვენ არ ხართ უბრალოდ მენეჯერები. თქვენ ხართ ხალხის მიერ დანიშნული მმართველები, ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე. ხალხი განგვსჯის არა იმ მაღალი რეიტინგების მიხედვით, რომლებიც გვაქვს, არა იმით, რომ საქართველოში აღარ არის კორუფცია, რაც ქვეყნის მთავრობისა და ხელისუფლების ისტორიული მიღწევაა, საბოლოოდ ხალხი განგვსჯის თითოეული ოჯახის სასურსათო უზრუნველყოფით, შვილების სწავლა-განათლების ხარისხით, ოჯახის სოციალურად დაუცველი წევრებისათვის ცხოვრების ნორმალური შესაძლებლობის მიცემით. ეს არის ნებისმიერი მთავრობის მიმართ საქმიანობის განსჯის საბოლოო საზომი, რომლითაც იხელმძღვანელებს ქართული საზოგადოება.
ხალხს უნდა გულისხმიერი მთავრობა. გულისხმიერი მთავრობა კი ნიშნავს მთავრობის აქტიურ, დაუღალავ მუშაობას, რომელსაც არ ექნება უქმე დღეები, მოდუნების საშუალება. ხალხი თქვენგან ელის კიდევ უფრო ენერგიულ, აქტიურ მუშაობას და კონკრეტულ შედეგებს. ასევე მინდა გისურვოთ წარმატებული საქმიანობა და შეგპირდეთ, რომ თავად მეც ინტენსიურად ვიმუშავებ თქვენთან ერთად, - თქვა დასასრულ საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი